მამაკაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარი იყო, 23 წლის პროგრამისტის ბუნდოვან ვითარებაში გარდაცვალებას მის სამსახურს, კომპანია "ZAG"-ს უკავშირებს. ბაჩანა ლობჟანიძის თქმით, კომპანია გასაიდუმლოებულ საქმიანობას ეწევა, რის შესახებაც ბაჩალიაშვილმა დაღუპვამდე შეიტყო.
გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ლობჟანიძე უკვე ოთხჯერ დაკითხეს. მისივე თქმით, ის ალტერნატიულ გამოძიებას დამოუკიდებლად აწარმოებს და საქმეში FBI-ს ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავს, რის გამოც ბაჩალიაშვილების ოჯახს აქვს ეჭვი, რომ ლობჟანიძე სულაც არ იყო დაღუპულის ახლო მეგობარი.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.