შეიძლება ითქვას, რომ კინოცენტრის განცხადება დაწერილია კულტურის მინისტრის მითითებით და კარნახით - ჩხეიძე

გამოქვეყნდა:

კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, გაგა ჩხეიძე კინოცენტრის მიერ მის შესახებ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ უჩნდება ეჭვი, აღნიშნული არ დაწერილა ეროვნულ კინოცენტრში და არ ყოფილა შეთანხმებული კინოცენტრის თანამშრომლებთან.

ის ამბობს, რომ პრეს-რელიზი "გოეთეს მედლით" მისი დაჯილდოების შესახებ, რომელიც გოეთეს ინსტიტუტის ცენტრალურმა ოფისმა 31 მაისს გაავრცელა, შეიქმნა მისგან დამოუკიდებლად და ეყრდნობა მის პოზიციას განთავისუფლებასთან დაკავშირებით.

"გაუგებარია, რატომ აკეთებს ამ განცხადებას ეროვნული კინოცენტრი და არა კულტურის სამინისტრო ან თავად მინისტრი, რომლის ბრძანების საფუძველზე გამათავისუფლეს.

მიჩნდება ეჭვი, რომ განცხადება არ დაწერილა ეროვნულ კინოცენტრში და არ ყოფილა შეთანხმებული კინოცენტრის თანამშრომლებთან, რადგან კინოცენტრის რამდენიმე თანამშრომელი გაემიჯნა განცხადებას.

ამ ეჭვს აძლიერებს ის, რომ განცხადებაში საუბარია "ქართული ფილმის განვითარების ფონდში" ჩემს საქმიანობაზე. "ქართული ფილმის განვითარების ფონდი" დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ეროვნული კინოცენტრი ვერ შეაფასებს ჩემს საქმიანობს ფონდში. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული კინოცენტრის განცხადება დაწერილია კულტურის სამინისტროში უშუალოდ მინისტრის მითითებით და კარნახით.

ეროვნული კინოცენტრი კინოს მხარდაჭერის კანონის მიხედვით ვალდებულია (!) დააფინანსოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო კინოფესტივალები ქვეყნის მასშტაბით, ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ ეროვნულმა კინოცენტრმა (ჩემსა და მინისტრს შორის დავის მიუხედავად) დააფინანსოს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალიც. ამავე დროს, შევახსენებთ სამინისტროს და კინოცენტრს, რომ თანხები, როემლთაც ისინი განკარგავენ, გადასახადების გადამხდელთა ფულია", - წერს ჩხაიძე.

ჩხეიძე ამბობს, რომ წელზე მეტია სამინისტროში შეიტანეს განაცხადი ფესტივალის დაფინანსებაზე, თუმცა უარი მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი ყველა საკონკურსო პირობას აკმაყოფილებდა.

"დღემდე არ მიგვიღია სამინისტროს პასუხი ოფიციალურ წერილზე, რომელშიც ვითხოვდით უარის არგუმენტაციას და ქულებს. ჩვენ ვთვლით, რომ სამინისტრომ განგებ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება და კომისიის მუშაობა იყო ფარსი.

განცხადებაში გაისმა შემდეგი სახის მუქარა: "კინოცენტრი იტოვებს უფლებას, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება გაგა ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე." კინოცენტრს არ გააჩნია არავითარი იურიდიული საფუძველი, გოეთეს ინსტიტუტის პრეს-რელიზის გამო გააუქმოს ჩვენთან დადებული ხელშეკრულება. ამისთვის ხელშეკრულების ტექსტის წაკითხვაც საკმარისია", - წერს ჩხეიძე.

ჩხეიძე კულტურის მინისტრს მოუწოდებს, უარი თქვას მის პიროვნულ დევნაზე, გაიწვიოს თავისი განცხადება პროკურატურიდან, რადგან იცის, რომ კრიმინალი და მფლანგველი არაა, ასევე ის ითხოვს ოფიციალურად ბოდიშის მოხდას.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი