ლეგიონი "თავისუფალი რუსეთი" ამბობს, რომ რუსეთის ბელგოროდის რეგიონის სოფელ ნოვაია ტავოლჟანკას მისადგომებთან აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ.
"ჩვენ აქტიურად ვიბრძვით სოფელ ნოვაია ტავოლჟანკას მისადგომებთან. სამწუხაროდ, გვყავს რამდენიმე დაჭრილი ლეგიონერი, მაგრამ თავისუფლების მიღწევა მხოლოდ სისხლით შეიძლება. ყველა დაჭრილი უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში", - წერს ლეგიონი Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
ლეგიონის ცნობით, რუსი ჯარისკაცები არ ითვალისწინებენ სამოქალაქო მოსახლეობას და ბომბავენ ყველა ადგილს, სადაც ლეგიონერების გადაადგილება შეინიშნება.
მათივე განცხადებით, პუტინის ჯარისკაცებმა ააფეთქეს სამოქალაქო მანქანა, რის შედეგადაც ორი მოქალაქე დაიღუპა. ბელგოროდის გუბერნატორმა იმავე შემთხვევაზე დილით განაცხადა, რომ მანქანაში მყოფი 2 პირი უკრაინის მხრიდან დაბომბვას ემსხვერპლა.
"თავისუფალი რუსეთის" ლეგიონი მოუწოდებს ადგილობრივ მოქალაქეებს, რომ არ დატოვონ თავშესაფარი და სამხედრო აქტივობების დასრულებას დაელოდონ.