სხვანაირ პასუხებს ველოდებოდი - ბაჩალიაშვილის ოჯახი საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესა და კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელს შეხვდნენ. ოჯახის მოთხოვნაა, საქმის გამოსაძიებლად უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანა დაჩქარდეს, მანამდე კი არ გაიხსნას 23 წლის პროგრამისტის დალუქული მანქანა, რომელშიც ცხედარი იპოვეს.

დაღუპულის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, ის დღევანდელი შეხვედრით უკმაყოფილოა, რადგან ყველა შეკითხვაზე პასუხი ვერ მიიღო.

მე სხვანაირ პასუხებს ველოდებოდი... კიდევ დაველოდოთ, - თქვა მან.

პროგრამისტის დედა, თეონა თამაზაშვილი კი ადასტურებს, რომ დრონის კადრები გამოძიებას აქვს, თუმცა მათ ჩამოტვირთვასა და გაანალიზებას დრო სჭირდება.

ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს მიაჩნია, რომ საქმეში FBI-ს  ჩართულობის მოთხოვნა საკმარისი არაა და ოჯახმა უნდა იცოდეს, კონკრეტულად რა პროცესებში ჩაერთვებიან ამერიკელი ექსპერტები.

გარდა ამისა, რამიშვილი აღნიშნავს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე, რომლის მტკიცებითაც იგი დაღუპულის ახლო მეგობარი იყო, უკვე არაერთხელ დაკითხეს და მის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მალე გაირკვევა.

რაც შეეხება ბაჩანას საკითხს, ბაჩანა დაკითხულია მრავალჯერ, კიდევ გაგრძელდება მისი სუბიექტის დადგენა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, - განმარტა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი