
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ კახოვკას ჰესის აფეთქებას გამოეხმაურა და მას "უპასუხისმგებლო აქტი" უწოდა.
პაპუაშვილმა ევროკავშირს მოუწოდა, უფრო აქტიურად იმუშაოს კატასტროფის დასასრულებლად.
"კახოვკას კაშხლის განადგურება კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კატასტროფული შედეგები მოჰყვება. რუსეთმა უნდა დაასრულოს სისასტიკე, რომელსაც საზღვრები არ აქვს და უარყოფითად მოქმედებს რეგიონზე და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და სხვებს, რომლებსაც აქვთ ეფექტური გავლენის ინსტრუმენტები, უფრო ძლიერად ჩაერთონ ამ კატასტროფის დასასრულებლად", - წერს პაპუაშვილი.
რუსებმა დღეს, 6 ივნისს ნოვა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. დატბორვა ემუქრება მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებებს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომაზე სარისკო უბნებიდან ევაკუაციის, ასევე ყველა სოფლისა და ქალაქის წყლით უზრუნველყოფის ბრძანება გასცა. როგორც ცნობილია, ხერსონის რეგიონიდან 1000-მდე მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. რუსეთი აფეთქებაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს და მომხდარს დივერსიას უწოდებს.
მომხდარს გამოეხმაურნენ დასავლელი ლიდერები, რომლებმაც აფეთქება ომის დანაშაულად შეაფასეს.