"მომავალი მე" - წერილის გაგზავნა მომავალში - დაკარგვამდე ერთი დღით ადრე, 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი რამდენჯერმე შევიდა ვებ გვერდზე, სადაც შეგიძლია დაწერო წერილი კონკრეტული ადამიანისთვის ან საჯაროდ და მიუთითო დრო, როდის გსურს მისი გამოქვეყნება. ამ ეტაპზე საჯაროდ არ იძებნება არც ერთი წერილი, რომელიც შესაძლოა თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდეს. მიუვიდა თუ არა თამარისგან კონრეტულ პირს გზავნილი, ალბათ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
რომელ ვებსაიტებზე შევიდა და რა ინფორმაციას ეძებდა ბაჩალიაშვილი გაუჩინარების წინა დღეს, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დაღუპულის კუთვნილი ლეპტოპის ექსპერტიზის შემდეგ დადგინდა, რომ მის მიერ ინტერნეტში მოძიებული მედიკამეტები ემთხვევა იმ წამლების ნაწილს, რომელიც მისი ავტომობილიდან ამოღეს. ასევე ნახეს, რომ 17 ივლისს ბაჩალიაშვილი შევიდა ფეისბუქის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია სათაური - "რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები?".
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.