შინაგან საქმეთა სამინისტროში თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის მარიამ ვარდიაშვილის გამოკითხვა ორ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. იგი საგამოძიებო უწყებაში ბაჩანა ლობჟანიძის განცხადებების შემდეგ დაიბარეს, სადაც ლობჟანიძემ თქვა, რომ ვარდიაშვილს თეთრიწყაროს რაიონში სახლი აქვს.
ყველა კითხვას გავეცი პასუხი, საიდან ვიცნობდი თამუნას, საიდან ვიცნობდი ბაჩანას. ბაჩანას არ ვიცნობდი, გამარჯობაც არ გვაქვს ნათქვამი. ბაჩანამ მომწერა შარშან ზამთარში, რომ ჩემი სხვა დაქალი მოსწონდა და ის გამაცანი თუ დამაახლოვეო, - ამბობს ვარდიაშვილი.
კითხვაზე, იყვნენ თუ არა თამარ ბაჩალეიშვილი და ბაჩანა ლობჟანიძე შეყვარებულები, მარიამ ვარდიაშვილი პასუხობს, რომ არ იცის.
ბაჩალიაშვილის მეგობართან გამოძიებას კითხვები მისი და თამარის ურთიერთობაზე ჰქონდა. დღეს, 5 აგვისტოს, 10 საათზე კი საგამოძიებო უწყებაში ბაჩანა ლობჟანიძე უნდა მივიდეს.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.