დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის აზრით, საგამოძიებო უწყება თვითმკვლელობის ვერსიის გამყარებას ცდილობს. პროგრამისტის მშობლები და მათი ადვოკატი საქმეში კვლავ FBI-ს ჩართვას ითხოვენ.
ოჯახი დეტალურ განცხადებას დღეს, 6 აგვისტოს, 12 საათზე, პროკურატურასთან ჩანიშნულ ბრიფინგზე გააკეთებენ.
მე და ჩემი ადვოკატი ვაწყობთ ბრიფინგს პროკურატურის წინ და იქ გაკეთდება რადიკალური საპასუხო განცხადებები, - აღნიშნა "მთავართან" სატელეფონო საუბარში დაღუპულის დედამ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში, სადაც გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიისკენ იხრება. უწყებამ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის ისტორია გაასაჯაროვა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაჩალიაშვილი სუიციდის მეთოდებს ინტერნეტში ეძებდა. ინფორმაციიდან ჩანს, რომ 23 წლის პროგრამისტი მომავალში წერილის გაგზავნითაც ინტერესდებოდა. ასევე, ეძებდა ინფორმაციას თუ "რა მოსდის ფეისბუქ გვერდს გარდაცვალების შემთხვევაში".
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.