შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადების შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი უფლებადამცველი მთავარ პროკურატურასთან შეიკრიბნენ.
დაღუპული პროგრამისტის მშობლები ფიქრობენ, რომ გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიის გამყარებას ცდილობს და არ ინტერსედება რეალური ფაქტებით.
ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების არ სჯერა და მთავარ პროკურატურასთან პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს.
მე გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, მატყუარები არიან... თვითონ არიან გარეულები და გასვრილი აქვთ ხელი ჩემი შვილის მკვლელობაში. დღეს იმიტომ მოვბრძანდი აქ, რომ განვაცხადო: მივმართავ პროტესტის რადიკალურ ფორმას და ვიწყებ შიმშილს. არ ვეთანხმები შსს-ს დეზინფორმაციას და ვითხოვ FBI-ს ჩართულობას, - განმარტა მან.
ბაჩალიაშვილის ბუნდოვან ვითარებაში გარდაცვალების საქმეს დღეს პრემიერმინისტრიც გამოეხმაურა. გიორგი გახარიას თქმით, ის მზადაა შეხვდეს დაღუპულის ოჯახს, თუმცა მიიჩნევს რომ გამოძიების დასრულებამდე შეხვედრა ნაადრევია.
მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი, ვალდებული ვარ, პატივი ვცე ინსტიტუტებს. მე მშობლებთან ერთად ველოდები გამოძიების დასრულებას. მე არავის არ მივცემ უფლებას, გაგრძელდეს პოლიციის და საერთოდ მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რაც დღეს ხორციელდება ჩვენს თვალწინ. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია, რასაც დღეს უპასუხისმგებლო ადამიანები მიზნობრივად ახორციელებენ, პირველ რიგში, არის უდიდესი რისკი ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის ხვალ, - განმარტა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.