ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარი იყო, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ დეპატრამენტში გამოკითხვაზე მივიდა.
ლობჟანიძის თქმით, მან დაასახელა კონკრეტული პირები, ვის დაუყოვნებლივ დაკითხვასაც ითხოვს. ერთ-ერთი მათგანია მიშო იაკობიძე, რომელიც ბაჩალიაშვილის დაკარგვის შემდეგ პროგრამისტს თეთრი წყაროს რაიონში საკუთარი ძალებით ეძებდა.
მიშომ მითხრა სამძიმრის დღეს, რომ თამარს ეძებდა საკუთარი სახსრებით ორშაბათს და სამშაბათს. რაღაც ალიბი უნდა ჰქონოდა ურთიერთობის, ალბათ, - ამბობს ლობჟანიძე.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.