"ნაციონალური მოძრაობა" მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეჯერდა

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში წარსადგენ მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით შეჯერდა. ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ენმ-ს ლიდერებმა ისაუბრეს.

მიუხედავად იმისა, რომ მათ დღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები არ გაუსაჯაროებიათ, თქვეს ის, რომ დეტალებზე საარჩევნო კამპანიის პრეზენტაციაზე ისაუბრებენ. მათივე ინფორმაციით, მიღწეულია კონკრეტული შეთანხმება შტაბებში ფუნქიცების გადანაწილებასთან დაკავშირებითაც. 

ყველანი, აბსოლუტური უმრავლესობა, თუ არ ჩავთვლით ანგარებით ამომრჩეველს, ვთანხმდებით ამ ქვეყანაში, რომ ცვლილებების დროა. ხალხი ითხოვს ცვლილებებს. "ნაციონალური მოძრაობა" წარსდგება "ნაციონალური მოძრაობის" ბლოკის სახით და ეს იქნება ოპოზიციურ პარტიათა სპექტრი. რა თქმა უნდა, ჩრდილოვანი კაბინეტი, ვინ თუ არა ენმ-ს ბლოკმა, "ძალა ერთობაშია", თუ რაც გინდა დავარქვათ, უნდა იქნეს ფორმირებული, - ამბობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საერთო ოპოზიციის მიერ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილი ნიკა მელია. 

ვიდრე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში საკუთარ მაჟორიტარობის კანდიდატებს დაასახელებდა, ოპოზიციაში, კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით კონსულტაციები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. იყო ვერსია, რომ თბილისის მსგავსად, ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებს წარადგენდა.

შეთანხმების შემთხვევაში, "ევროპულ საქართველოს" საკუთარი კანდიდატების წარდგენა ოთხ ოლქში - ზემო აჭარაში, მარტვილში ან ფოთში, თერჯოლა/ზესტაფონსა და ხონში სურდა, დანარჩენ ოლქებში კი მხარს ოპოზიციის საერთო კანდიდატს დაუჭერდნენ.

თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყველა, 22-ვე მაჟორიტარულ ოლქში, საკუთარ კანდიდატურას დაასახელებდა. გადაწყვეტილებას კი, პარტიაში, ენმ-ს ამომრჩევლის მოლოდინებითა და ძლიერი კანდიდატებით ხსნიდნენ. 

ამის შემდეგ, უკვე 27 ივლისს, გიგი უგულავამ, შეთანხმებისკენ სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა. "გავაგრძელოთ კონსულტაცია და უმოკლეს ვადებში შევთანხმდეთ რეგიონებში საერთო, ძლიერი მაჟორიტარული კანდიდატების შერჩევაზე". 

თუმცა, ამის შემდეგ, უკვე 3 აგვისტოს, "ევროპულმა საქართველომ" რეგიონების კანდიდატები დაასახელა. საკუთარი კანდიდატები მმართველმა პარტიამაც წარადგინა - "ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარები ნახეთ აქ. "ქართული ოცნების" მაჟორიტარები რეგიონებში ნახეთ აქ.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს - მათგან 22 რეგიონებში, რვა კი თბილისში.

"ლეიბორისტული პარტიის" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთა: 

  • ვაკის რაიონში კენჭს "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია იყრის;
  • გლდანში მაჟორიტარობისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იბრძოლებს;
  • ამავე პარტიის წევრი, ლევან ხაბეიშვილი სამგორის ოლქში წარადგინეს;
  • მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე იქნება;
  • "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი კენჭს ნაძალადევში იყრის; 
  • ისანში კი ოპოზიციის წევრებმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე წარადგინეს.

დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებში წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები კი ამ დრომდე გრძელდება. პარალელურად, ამ ოლქებში საკუთარი კანდიდატურის დაყენება უკვე გადაწყვიტეს და ეს საჯაროდაც გამოაცხადეს ანა დოლიძემ - დიდუბის ოლქში, თაკო ჩარკვიანმა კი საბურთალოზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი