საქართველოს გენერალური პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებთან და ოჯახის ადვოკატთან შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს მოუსმინა და სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანია Facebook-ის ადმინისტრაციას მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის Facebook-მონაცემების შენახვის მოთხოვნით. მონაცემების შენახვა მოთხოვნილ იქნა Facebook მომხმარებლის პროფილის შექმნის დღიდან 24 ივლისის ჩათვლით (ის რისი შენახვის მაქსიმალური შესაძლებლობა არსებობს). Facebook-ის ადმინისტრაციამ საერთაშორისო სამართლებრივი არხებით მოთხოვნის მიღება იმავე დღეს დაადასტურა და გვაცნობა, რომ მონაცემები შენახული იქნებოდა მოთხოვნის შესაბამისად, - აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, 27 ივლისს უწყებამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანია Facebook-ის ადმინისტრაციას, ბაჩალიაშვილის „ინსტაგრამ“ მონაცემების შენახვის მოთხოვნითაც მიმართა. პროკურატურამ დახმარების, ამ შემთხვევაში მონაცემების შენახვის მოთხოვნით Google-საც მიმართა, რაც კომპანიამ პროკურატურას 31 ივლისს დაუდასტურა.
28 ივლისს (ფეისბუქ ანგარიშის წაშლის დღე) საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კვლავ მიმართა აშშ-ში კონპანია „ფეისბუქს“ 25 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით მონაცემების შენახვის მოთხოვნით. „ფეისბუქმა“ იმავე დღეს დაადასტურა, რომ შეინახა მონაცემები, იმის მიუხედავად, რომ მომხმარებელი აღარ იძებნებოდა საჯაროდ. 28 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კომპანია „ფეისბუქის“ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა განმარტებისთვის თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი. „ფეისბუქმა“ განმარტა, რომ გარდაცვლილი პირის მონაცემს კომპანიის ადმინისტრაცია არ შლის, არამედ ადებს „ხსოვნის“ წარწერას. ის თუ ვინ წაშალა (ან საჯაროდ ხელმიუწვდომელი გახადა) მომხმარებელი ამის შესახებ ინფორმაციას მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიიღებდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები.
რაც შეეხება მონაცემების გამოთხოვას, 5 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში კომპანია „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას (რომელიც მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში) მიმართა „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის არაშინაარსობრივი მონაცემების (თუ როდის და რომელი IP მისამართის გამოყენებით შევიდა მომხმარებელი პროფილზე, IP მისამართის დადგენის შემდეგ შესაძლებელია ინტერნეტის მომხმარებლის რეალური ვინაობის დადგენა) მოწოდების მოთხოვნით. გამოთხოვილი მონაცემები მოიცავს 1 თებერვლიდან 30 ივლისის ჩათვლით პერიოდს. მონაცემების გამოთხოვისთვის საქართველოს პროკურატურამ წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინება.
5 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით. გამოთხოვილი მონაცემები მოიცავს 1 თებერვლიდან 30 ივლისის ჩათვლით პერიოდს.
შეხვედრაზე ოჯახის წევრებს განემარტათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს პარტნიორი ქვეყნების საგამოძიებო უწყებებს და უცხო სახელმწიფოს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებებს საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების თხოვნით.
საქართველოს პროკურატურა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს ინტენსიურად მიაწვდის სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას. ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურა ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.