აღმოჩნდა,რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ბაჩანა ლობჟანიძე მონაწილეობას იღებდა თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნაში - ამის შესახებ კომპანია ZAG-ის ადვოკატმა, ქეთევან მირიანაშვილმა
"მთავარი არხის" ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა. ადვოკატის თქმით, მას აინტერესებს, რომ რატომ იყო საქმეში მოწმის სტატუსით მყოფი ბაჩანა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, მისული, როგორც სპეციალისტი.
ადამიანი, რომელიც გამოჩნდა გუშინ. აღმოჩნდა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მონაწილეობას იღებდა თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნაში. მისული იყო სამხარაულში ექსპერტიზაში, როგორც სპეციალისტი. რამიშვილმაც თქვა,რ ომ იყო ჩემთან ერთადო. უბრალოდ, მაინტერესებს, ადამიანი რომელიც არის საქმეში მოწმის სტატუსით, რანაირად ხდება, რომ ექსპერტიზის ბიუროში მიდის და ელემენტარულად, შემხებლობა აქვს, რამენაირი ფორმით, ნებისმიერი სტატუსით. იმ ვითარებაში , როდესაც ძალიან ბევრი კითხვისნიშანი არის და ყველას მიმართ - ქეთევან მირიანაშვილი
დღესვე, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ასევე ისაუბრა ბაჩალიაშვილის ერთ-ერთი დამსაქმებელი კომპანია ZAG-ის დირექტორმა, თამარ კობერიძემ. ამბობს, რომ თამარს ჩვეულებრივი რიგითი პროგრამისტის ხელფასი ჰქონდა, დაახლოებით 4 500 ლარამდე.
კობერიძემ გაიხსენა, რომ ბუნდოვან ვითარებაში დაღუპულმა 23 წლის პროგრამისტმა მათ კომპანიაში მუშაობა 2017 წლის აგვისტოში, ექვსთვიანი სტაჟირებით დაიწყო, რის შემდეგაც ის უკვე კომპანიის რიგითი თანამშრომელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, მისი გაუჩინარება ქალის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
მისი ერთ-ერთი დამსაქმებელი კომპანია ZAG-ის მფლობელის, აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.