პორნოგრაფიულ საიტებს პროგრამულად უზრუნველვყოფთ - ZAG-ის დირექტორი

გამოქვეყნდა:

პორნოგრაფიულ საიტებს პროგრამულად უზრუნველვყოფთ, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დამსაქმებელი ერთ-ერთი კომპანია ZAG-ის დირექტორმა, თამარ კობერიძემ "მთავარი არხის" ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიის საქმიანობა ლეგალურია. 

ჩვენ ვაკეთებთ პროგრამულ უზრუნველყოფას...და არანაირი შეხება პორნო ინდუსტრიასთან შ.პ.ს ZAG-ს არ აქვს... ჩვენი საქმიანობა, საქართველოშიც და ამერიკაშიც ყველანაირად ლეგალურია, ამერიკაში არის ამერიკულად დადასტურებული და შემოწმებული, - თამარ კობერიძე.

კომპანია ZAG-ის თანამშრომლების თქმით, მათ იცოდნენ რომ პორნოსაიტებს ემსახურებოდნენ და ამბობენ, რომ მხოლოდ ციფრებთან აქვთ შეხება, კომპიუტერის ეკანზეც რიცხვებს ხედავენ და კოდის შექმნა პორნოგრაფიული ვიდეოს გადაღებას არ გულისხმობს. ერთ-ერთი თანამშრომელი, ლევან იობაშვილი
ამბობს: "Facebook-ის შემქმნელს ხომ არ აინტერესებს თქვენ რა სურათს დადებთ, ხომ არ გაქვთ კავშირი. აი ზუსტად იგივე მაგალითია"...

ბაჩალიაშვილის საქმეში პორნოინდუსტრიის შესაძლო კავშირი პირველად ბაჩანა ლობჟანიძემ ახსენა. ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. ლობჟანიძე არ გამორიცხავს, რომ კომპანია ZAG, სადაც 23 წლის პროგრამისტი მუშაობდა, პორნოინდუსტრიასთანაა დაკავშირებული. ამის შესაახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" 5 აგვისტოს
ისაუბრა.

ლობჟანიძის ამ ბრალდებას კომპანია ZAG-ის ადვოკატმა გუშინინ "მთავარი არხის" ეთერშივე უპასუხა და თქვა, რომ კომპანია არანაირ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ ეწევა. 

დღეს, 6 აგვისტოს კი, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ასევე ისაუბრა კომპანია ZAG-ის დირექტორმა, თამარ კობერიძემ. ამბობს, რომ თამარს ჩვეულებრივი რიგითი პროგრამისტის ხელფასი ჰქონდა, დაახლოებით 4 500 ლარამდე. 

კობერიძემ გაიხსენა, რომ ბუნდოვან ვითარებაში დაღუპულმა 23 წლის პროგრამისტმა მათ კომპანიაში მუშაობა 2017 წლის აგვისტოში, ექვსთვიანი სტაჟირებით დაიწყო, რის შემდეგაც ის უკვე კომპანიის რიგითი თანამშრომელი გახდა. 

მისივე თქმით, ბაჩალიაშვილს კომპანიის საკუთრებაში მყოფი ლეპტოპი, სამსახურში, 20 ივლისს, გასუფთავებული უნდა მიეტანა. ამბობს, "თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ბაჩალიაშვილს კომპიუტერიდან ფაილები თავად წაეშალა".

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, მისი გაუჩინარება ქალის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

მისი ერთ-ერთი დამსაქმებელი კომპანია ZAG-ის მფლობელის, აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი