შეყვარებული, რომელსაც მე ვიცნობდი, ბაჩანა არაა - ბაჩალიაშვილის მეგობარი

გამოქვეყნდა:

თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული და ეს არ არის ბაჩანა ლობჟანიძე, - ამის შესახებ ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარი, დეა კაპანაძე საუბრობს. ინტერვიუში, რომელიც "მთავარი არხის" ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში "მთავარი აქცენტები" გავიდა, დეა კაპანაძე ყვება, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა შეყვარებული თავად გააცნო. 

ეს რაღაც არის აბსურდი. თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული მარტო, რომელიც ჰყავდა და რომელიც ვიცოდი. გამაცნო და ახლაც მაქვს მაგ ადამიანთან კონტაქტი. ეს არ არის ბაჩანა ლობჟანიძე. საერთოდ 22-ში თუ 23-ში რომ მომწერა, [ლობჟანიძემ] უბრალოდ მისამართი გავუგზავნე და GIF-ები და სურათები ჩამიყარა და გაკვირვებული ვიყავი, მეთქი შენ ვინ ხარ, რატომ არ მითხრა თამუნამ შენზე არაფერი... - ამბობს კაპანაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, თბილისელია თუ არა თამუნას შეყვარებული, დეა კაპანაძე პასუხობს: "თბილისში ცხოვრობს. წარმოშობით არ ვიცი საიდან არის. სახელს არ გეტყვით, ვერ გავცემ ასე ინფორმაციას, იქნებ არ სურს იმ ადამიანს რომ დავაკონკრეტო. 2015-ში თამუნამ რომ ჩააბარა უნივერსიტეტში, მაშინ გაიცნო, რაღაც საგნებზე ერთმანეთს ემთხვეოდნენ და 2018 წელს საფრანგეთიდან რომ ჩამოვიდა, მაშინ დაშორდნენ. გაწყდა ურთიერთობა და მაგის მერე კონტაქტი აღარ ჰქონიათ".

ბაჩანა ლობჟანიძესთან დაკავშირებით კი დეა კაპანაძე ამბობს, რომ ის თამუნას გარდაცვალების შემდეგ მის მეგობრებს უკავშირდებოდა და არაერთ კითხვას უსვამდა. 

ბაჩანასთან კონტაქტში შევედი თამუნას გარდაცვალების შემდეგ, როცა მოასვენეს სახლში, მაშინ. თამუნას ვიდეოებს და ფოტოებს რომ მიგზავნიდა ბაჩანა, ვენდე, ვიფიქრე რომ მისი კურსელი იყო. ავყევი ჩვეულებრივ, ვწერდი მეც, დავდებ არანაირი დასამალი არ მაქვს ჩემი ტელეფონიც აქვს გამოძიებას და... არ ვიცი ეს ადამიანი საერთოდ რას წარმოადგენს. როცა შევხვდი, ვიფიქრე რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა. კითხვებს მისვამდა  ჩემი და თამოს საერთო მეგობრებს ყველას მიწერდა, ფრაზა მარტო "გესალმები" და უსვამდა უამრავ კითხვას. ეს ხალხი დაიმეგობრა თამუნას გარდაცვალების შემდეგ, - ამბობს დეა კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ ბაჩანა ლობჟანიძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი მოწმე და ერთადერთი ფიგურანტია, რომელიც გამოძიებამ უკვე არაერთხელ გამოკითხა.

ახალგაზრდა პროგრამისტი ამბობს, რომ ის თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარი და მისი შეყვარებულია. მას 2015 წლიდან იცნობს და ისინი კურსელები იყვნენ. თუმცა ბაჩანა ლობჟანიძეს უჭირს წარმოგვიდგინოს ხუთწლიანი ნაცნობობის ვიდეო ან ფოტო მტკიცებულებები. თუმცა დღეს, 2020 წლის 19 ივნისს ვიდეო გვაჩვენა. სად ის თამარ ბაჩალიაშვილის ხვდება და ერთად აღნიშნავენ საკუთარ დაბადების დღეებს [ორივეს ერთ დღეს აქვს დაბადების დღე]. ეს ვიდეო ბაჩანა ლობჟანიძემ იმის დასამტკიცებლად გაასაჯაროვა, რომ ის ნამდვილად იცნობდა თამარ ბაჩალიაშვილს და მათ მართლაც რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდათ.

 ბაჩანა ლობჟანიძის თქმითვე, ის ალტერნატიულ გამოძიებას დამოუკიდებლად აწარმოებს და საქმეში FBI-ს ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავს, რის გამოც ბაჩალიაშვილების ოჯახს აქვს ეჭვი, რომ ლობჟანიძე სულაც არ იყო დაღუპულის ახლო მეგობარი.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი