საქართველოში დოკუმენტური ფილმების მწარმოებელი კომპანია "საქდოკ ფილმი" რეჟისორ სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმ "მოთვინიერებასთან" დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.
საქართველოს მხრიდან "მოთვინიერების" მწარმოებელი კომპანია ამბობს, რომ კობახიძის განცხადებები მიმართულია თავისუფალი გამოხატვის წინააღმდეგ და არის თავდასხმა ფილმის ავტორზე.
"ვთვლით, რომ მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება მიმართულია თავისუფალი გამოხატვის წინააღმდეგ, სახელმწიფოს მხრიდან კინოსა (და სხვა სახელოვნებო დარგების) ცენზურისკენ და წარმოადგენს თავდასხმას რიგით მოქალაქეზე - ფილმის ავტორზე.
განცხადება მოსდევს საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში დაწყებულ რეორგანიზაციას, რისი საშუალებითაც კულტურის სამინისტრო ამკაცრებს კონტროლს ამ ინსტიტუციაზე.
მოთვინიერების" (რეჟ: სალომე ჯაში) პრემიერა შედგა 2021 წელს სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის გარდა ფილმი დაფინანსებულია შვეიცარიული და გერმანული საზოგადოებრივი ფონდების, ევრიმაჟის, Arte-სა და სხვა ევროპული ინსტიტუციების მიერ. ფილმი შვეიცარიულ-გერმანულ-ქართულ კოპროდუქციას წარმოადგენს (მეტი დეტალი პოსტის ბოლოსაა მოცემული)", - წერს კომპანია.
კინოცენტრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ სალომე ჯაშის ფილმ "მოთვნიერებაზე" ისაუბრა და თქვა, რომ მსგავსი ფილმები არ უნდა ფინანსდებოდეს.
ფილმი "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანას ეხება.
სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა 2022 წლის 31 იანვარს სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. 2022 წლის აპრილში საქართველოში კინოაკადემიამ მისი ჩვენებები "კინოს სახლში" გააუქმა, მიზეზად კი დაასახელა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ "ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს".
ფილმი "მოთვინიერება" კინოცენტრმა დააფინანსა, ამიტომ ორგანიზაციაში ახლა დაწყებულ რეორგანიზაციას სწორედ ჯაშის ფილმს უკავშირებენ. კინოცენტრის თანამშრომლები ფიქრობენ, რომ რეორგანიზაციის მიზანია ცენზურის დამყარება და ფილმების შინაარსში ჩარევა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ ფილმს რეორგანიზაციასთან კავშირი არ აქვს, თუმცა ამბობდა, რომ "არა სამარცხვინო, არამედ სწორი შინაარსის ფილმები უნდა იყოს გადაღებული". კობახიძე ასევე გამოთქვამდა ეჭვს, რომ რეორგანიზაციის დაწყებამდე კინოცენტრში "კლანი" არსებობდა და "მოთვინიერების" დაფინანსების მიღმა პოლიტიკური მიზნები იკვეთებოდა.