
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენით ამ ეტაპზე არ მიიღებს. კენჭისყრა მომდევნო კვირას იყო დაგეგმილი
კობახიძემ თქვა, რომ პრემიერ ღარიბაშვილის ვიზიტისას ბრიუსელში დააყენეს თხოვნა, რომ კანონპროექტი მესამე მოსმენით მმართველ გუნდს არ მიღეო, რასაც, ითვალისწინებენ.
"ჩვენ მომავალ კვირაში ვგეგმავდით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებას საბოლოო, მესამე მოსმენით, თუმცა იცით რომ პრემიერს ჰქონდა ვიზიტი ბრიუსელში, შედგა უმაღლეს დონეზე შეხვედრები, მათ შორის შარლ მიშელთან, ევროკომისართან და იქ ასეთი თხოვნა იქნა დაყენებული, რომ არ იყოს მესამე მოსმენით მიღებული ამ ეტაპზე ეს კანონი, შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ ამ თხოვნას, მომავალ კვირაში არ იქნება მიღებული ეს კანონი, არც დეკემბრამდე არ მივუბრუნდებით. ჩვენ დაველოდებით ყოველ შემთხვევაში დეკემბერში ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს მიერ გამოხატულ პოზიციას ამ თემასთან დაკავშირებით, გვაინტერესებს მოიხსნება თუ არა ეს საკითხი, დეოლიგარქიზაციის საკითხი, რომელიც თავის თავში გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომას, მანამდე ჩვენ არ ვაპირებთ მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტის განხილვას", - თქვა კობახიძემ.
დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით, 13 ივნისს მიიღო. 12 ივნისს კი ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა და კანონის მიღებას რეკომენდაციას არ გაუწია.
დასკვნაში ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ სისტემური მიდგომის ნაცვლად [რაც ინსტიტუციურ გაძლიერებას გულისხმობს], საქართველოს მთავრობამ აირჩია „პერსონალური მიდგომა“ და მისი „პოტენციური პოლიტიკური ბოროტად გამოყენება“ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს.
"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის მოსაზრებები დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია.