კომპანია ZAG-ის კიდევ ერთი თანამშრომლის სახლიდან სამართალდამცველებმა 2 ლეპტოპი ამოიღეს. თამარ ბაჩალიაშვილის დამსაქმებელი ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლებისა და დირექტორის სახლებში საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად დაიწყო.
სამართალდამცველები ამ ადამიანების ბინებში შესული სასამართლოს განჩინებით იყვნენ. კონრკეტულად რას ეძებენ კომპანიის თანამშრომლების ბინებში უცნობია, თუმცა დღევანდელ საგამოძიებო მოქმედებას ZAG-ის წარმომადგენლები ბაჩანა ლობჟანიძის ბრალდებებს უკავშირებენ. მათ ბევრი შეკითხვა აქვთ ამ საკითხზე და სასამართლოს განჩინების გასაჩივრებასაც აპირებენ. ამის შესახებ მედიას კომპანიის ადვოკატმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის დამსაქმებელი ერთ-ერთი კომპანია სწორედ ZAG იყო. 23 წლის პროგრამისტი კი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, მისი გაუჩინარება ქალის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
მისი ერთ-ერთი დამსაქმებელი კომპანია ZAG-ის მფლობელის, აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.