წულუკიანის დავალებით, ხუბუნაია ბიუჯეტში 2 პროექტის ჩასმას მაიძულებდა თანხის დამატების მიზნით - ჩხეიძე

გამოქვეყნდა:

კინოცენტრის ყოფილი დირექტორი გაგა ჩხეიძე კულტურის სამინისტროს მიერ კინოცენტრის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. ის წერს, რომ სამინისტროს პოზიცია ცინიზმით, ყალბი პათეტიკითა და სიცრუითაა სავსე. 

ჩხეიძე ამბობს, რომ კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულმა კობა ხუბუნაია 2022 წელს უთხრა, რომ მინისტრი არ დაამტკიცებდა ბიუჯეტს, სანამ ბიუჯეტის გრაფაში არ ჩასვამდნენ მინისტრისთვის სასურველ ორ პროექტს თანხის დამატების მიზნით.

"ბატონ კობასთან ხშირი კონტაქტი მქონდა 2022 წლის იანვარში. კულტურის მინისტრის დავალებით კობა ხუბუნაიამ გამომიცხადა, რომ მინისტრი არ დაგვიმტკიცებდა ბიუჯეტს, სანამ ბიუჯეტის გრაფაში არ ჩავსვამდი მინისტრისთვის სასურველ ორ პროექტს თანხის დამატების მიზნით (ავტორების დასახელებისგან თავს შევიკავებ). როგორც ჩანს, მინისტრი პირადად დაპირდა პროექტების ავტორებს თანხის დამატებას და საკუთარი მითითების შესრულება კობა ხუბუნაიას დაავალა. ეს იყო შანტაჟი სამინისტროს მხრიდან, განხორციელებული კობა ხუბუნაიას ხელით. ბატონი კობა დამემუქრა, რომ თუ მოთხოვნა არ შესრულდებოდა, სამინისტრო ბიუჯეტს არ დაგვიმტკიცებდა და ხელფასებს ვერ გავცემდით. მე უარით ვუპასუხე, რადგან თანხის დამატებას ჭირდება კომისიის დასკვნა, კობა ხუბუნაია კი დადგენილი წესის დარღვევას მაიძულებდა. მართლაც, ბიუჯეტის არ-დამტკიცების გამო კინოცენტრის ფინანსური საქმიანობა ორი კვირის განმავლობაში იყო პარალიზებული. რა ცინიზმია, როცა მინისტრი ამის შემდეგ გვესაუბრება "ჩაწყობის" დაუშვებლობაზე.

როცა დღეს კინემატოგრაფისტები კინოცენტრის დამოუკიდებლობას მოითხოვენ, ამით მოითხოვენ სამინისტროს მხრიდან ასეთი ჩარევების აღკვეთას.

აქვე შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმებზე, წლებია, მუშაობენ უცხოელი სპეციალისტები ქართველებთან ერთად. მათი უპირველესი მოთხოვნა სწორედ სსიპ-ების დამოუკიდებლობა და ავტონომიურობაა. სამინისტროსა და სსიპ-ების ურთიერთობა ხელშეკრულების საფუძველზე უნდა აიგოს. მინისტრს, რომლის მმართველობის სტილი დიქტატი და უხეში ჩარევაა, მსგავსი დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა, რა თქმა უნდა, არ მოსწონს", - წერს ჩხეიძე.

ცნობისთვის, 20 ივნისს კულტურის სამინისტრომ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა და კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს "უსაფუძვლო აჟიოტაჟი" უწოდა. როგორც უწყებამ განაცხადა, 10 ივნისს კინოცენტრში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო, რომელიც 12 ივლისს დასრულდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი