თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალმა ფიგურანტმა, მიშო იაკობიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. იაკობიძის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია საზოგადოებისთვის ბაჩალიაშვილის "შეყვარებულად" გაცნობილმა ბაჩანა ლობჟანიძემ მიაწოდა.
23 წლის პროგრამისტის მეგობარი, მიშო იაკობიძე ამბობს, რომ
ორშაბათს, როდესაც მე შევიტყვე თამუნას დაკარგვის შესახებ, ჩემი ძალებით გავემართე ხაიშის მიმართულებით, იქ სადაც კამერა ფიქსირდებოდა. სოციალური ქსელიდან შევიტყვე და შესაბამისად, გავემართე იმ მიმართულებით, საეჭვო ვერაფერი ვნახე. იმავე დღეს დავბრუნდი უკან. მეორე დღეს გავემართე გოლთეთის მიმართულებით, იქაც ვეძებდი, ვერაფერი ვერ ვნახე საეჭვო, - ამბობს იაკობიძე.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, საიდან იცნობს ბაჩანა ლობჟანიძე, ამბობს, რომ "ბაჩანა ასევე იყო ჩემი უნივერსიტეტელი, 2015 წელს ჩააბარა მანაც და უნივერსიტეტიდან მქონდა შეხება".
მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილთან ბოლო კონტაქტი 2020 წლის 12 ივლისს ჰქონდა, მაშინ, როცა ბაჩალიაშვილმა მას უნივერსიტეტის წარმატება მიულოცა.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის დამსაქმებელი ერთ-ერთი კომპანია სწორედ ZAG იყო. 23 წლის პროგრამისტი კი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, მისი გაუჩინარება ქალის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
მისი ერთ-ერთი დამსაქმებელი კომპანია ZAG-ის მფლობელის, აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.