ZAG-ის ადვოკატმა თანამშრომლების სახლების ჩხრეკის გამო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

გამოქვეყნდა:

რამდნეიმე წუთის წინ კომპანია "ZAG"-ის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მამუკა ჭაბაშვილის მტკიცებით, სამართალდამცველებმა კომპანიის თანამშრომელთა სახლებში ჩხრეკა უკანონოდ ჩაატარეს.

განჩინებაში ვერანაირი დასაბუთება ვერ ვნახეთ, საქმის მასალები რა შემხებლობაშია ამ ხალხის ბინების ჩხრეკვასთან დაკავშირებით. საერთოდ არანაირი დასაბუთება არ იყო განჩინებაში, მხოლოდ მშრალად იყო მოყვანილი კანონის მოთხოვნები, - ამბობს ჭაბაშვილი.

"ზაგი" სწორედ ის კომპანიაა, სადაც გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა. გამომძიებლებმა თანამშრომლების ტექნიკა და მობილური ტელეფონები ცხედრის პოვნის დღესვე დალუქეს, სახლებში ჩხრეკა კი გუშინ, 7 აგვისტოს ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, მისი გაუჩინარება ქალის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

მისი ერთ-ერთი დამსაქმებელი კომპანია ZAG-ის მფლობელის, აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი