
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, გაჭიანურებული სასამართლო სხდომის ჩატარების მოთხოვნით, ფირუზ წულუკიძემ შიმშილობა დაიწყო
"წელიწად-ნახევრის განმავლობაში გაჭიანურებული სასამართლო სხდომის ჩატარების მოთხოვნით, ფირუზ წულუკიძემ შიმშილობა დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ფირუზ და რეზო წულუკიძეები, თორნიკე, თამაზ, ირაკლი, გელა ჭელიძეები და ელდარ ანთაძე ციხეში მხოლოდ იმის გამო ჰყავთ გამოკეტილი, რომ საქართველოს ერთგული პატრიოტები არიან. ისინი მიხეილ სააკაშვილისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერისთვის ისჯებიან.
“რუსული ოცნება” მათ ე.წ. ზონდერებად მუშაობას სთავაზობდა, რაზეც აწ უკვე პოლიტპატიმრებისგან უარი მიიღეს. ისინი აჭარაში “რუსული ოცნების” მაღალჩინოსნებს ჩადენილ დანაშაულებსა და ტყუილებში მუდმივად ამხელდნენ.
ჩვენი სოლიდარობა პოლიტპატიმრებს, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმის ტყვეობიდან აუცილებლად გათავისუფლდებიან!" - წერია განცხადებაში
ცნობისთვის, ძმები წულუკიძეები შსს-მ 2021 წლის 15 აპრილს, გუმათში, ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის შემდეგ დააკავა. პოლიცია სპორტსმენებს ჯგუფურ ძალადობას ედავება.