ლვოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა 95 წლის ქალი, რომელიც მეორე მსოფლიო ომს გადაურჩა. სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ ეს იყო "ყველაზე დამანგრეველი თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ". ქალაქში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ლვოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მასიმ კოზიცკიმ თქვა, რომ ყველაზე ახალგაზრდა, რომელიც სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა 21 წლის გოგო იყო.
"ყველაზე უფროსი მსხვერპლი 95 წლის იყო. ქალი მეორე მსოფლიო ომს გადაურჩა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გადაურჩა რუსო-ფაშიზმს", - განაცხადა კოზიცკიმ.
ოფიციალური პირების თქმით, სარაკეტო თავდასხმამ გაანადგურა 30-ზე მეტი სახლი, 250-ზე მეტი ბინა, 10 საერთო საცხოვრებელი, ბავშვთა სახლი, ორი უნივერსიტეტის შენობა და სკოლა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მიიღეს ინფორმაცია ლვოვში, სულ მცირე, 10 დახურული ბომბის თავშესაფრის შესახებ ღამით სარაკეტო თავდასხმის დროს.
"ეს არის აღმაშფოთებელი ვითარება", - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ.
მისივე განცხადებით, ლვოვის პოლიციამ დახურულ თავშესაფრებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.