საგარეჯოში "მთავარი არხისა" და "ფორმულას" გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება.
ქარტია წერს, რომ საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიშ გახდა - მათ ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა.
ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული ქმედებები.
"2023 წლის 6 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის" და „ფორმულას” გადამღებ ჯგუფს საგარეჯოში თავს დაესხნენ. „მთავარი არხი” წერს, რომ დაზიანებულია კამერა და ქვა მოხვდა ჟურნალისტს. „ფორმულას” მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში კი ჩანს, რომ ქვები ამავე არხის ჟურნალისტს გიორგი კვიჟინაძესაც ესროლეს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევები.
სამწუხაროდ, საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა - მათ ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მედიის წარმომადგენლების საქმიანობის თანმდევი ნაწილი გახდა. ჟურნალისტების მიმართ აგრესიული ქმედებები განსაკუთრებით გახშირდა 2021 წლის 5 ივლისის შემდეგ, როდესაც ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. თუმცა, ძალადობის ორგანიზატორები კვლავ დაუსჯელები არიან.
ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისგან", - წერს ქარტია.
შეგახსენებთ, რომ დღეს საგარეჯოში ენმ პენსიონერებთან შეხვედრას მართავდა, სადაც "ქართული ოცნების" პარტაქტივი მიიჭრა. აგრესიული ჯგუფები ისროდნენ ქვებს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ, როგორც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ასევე მათ მხარდამჭერებს და ჟურნალისტებს.
ჟურნალისტებზე თავდასხმაში გურჯაანის საკრებულოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.