უკრაინამ და ბულგარეთმა NATO-ში ინტეგრაციის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერეს. ბულგარეთი გახდა 22-ე ქვეყანა, რომელმაც უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერა ოფიციალურად გამოაცხადა.
"ბულგარეთის მხარე მიესალმება უკრაინის მნიშვნელოვან მიღწევებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლის, კერძოდ, NATO-სთან თავსებადობის მიღწევაში, ადასტურებს სურვილს, გაზარდოს ერთობლივი ძალისხმევა უკრაინის ალიანსში ინტეგრაციისა და NATO-ს სტანდარტების დანერგვის მხარდასაჭერად. ასევე, სრულად უჭერს მხარს უკრაინა-ნატოს საბჭოს", - ნათქვამია დოკუმენტში.
დეკლარაციის თანახმად, ბულგარეთი იღებს ვალდებულებას, პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას.
ბულგარეთი ასევე გამოხატავს მზადყოფნას, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მონაწილეობა მიიღოს უკრაინის ომის შემდეგ რეკონსტრუქციისა და აღდგენის პროცესში.
ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთს 6 ივლისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი დენკოვს, პრეზიდენტ რუმენ რადევს, მთავრობის წარმომადგენლებს, პარლამენტარებს, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს შეხვდება.