ქართული ნახევრად-პუტინი ხელისუფლება დიდი ხნით არაა, თქვენ კიდევ ბევრს გააკეთებთ ქვეყნისთვის - კარა-მურზა მიხეილ სააკაშვილს

გამოქვეყნდა:

რუსეთში დაპატიმრებულმა ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა, ვლადიმერ კარა-მურზამ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წერილი მისწერა. კარა-მურზას თქმით, მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები მაგალითია მისთვის, თუ როგორ შეიძლება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყნად იქცეს. 

"ძალიან გამიხარდა, რომ თქვენგან წერილი მივიღე. მადლობა თბილის სიტყვებისთვის. ჩვენთვის თქვენ და თქვენი თანამოაზრეები ვარდების რევოლუციიდან, მაგალითია იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი, რამდენიმე წელიწადში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა იქცეს თანამედროვე ღია დემოკრატიულ ქვეყნად. რა თქმა უნდა, ამჟამინდელი ქართული ნახევარპუტინი ხელისუფლება დიდი ხნით არ არის და თქვენ კიდევ ბევრს გააკეთებთ თქვენი ქვეყნისთვის, გაუფრთხილდით თავს. ჩვენ კი, რუსეთში გარდაუვალი კოლაფსის შემდეგ, სადაც პუტინის რეჟიმი ქვეყანას მიიყვანს, მოგვიწევს ყველაფრის სრულად აღდგენა. გვჯერა, მოვახერხებთ, მათ შორის, თქვენი მაგალითით და მე მჯერა, რომ ევროპა საბოლოოდ შეძლებს, გახდეს ჭეშმარიტად მშვიდობიანი, ერთიანი და თავისუფალი, დემოკრატიულ უკრაინასთან, დემოკრატიულ საქართველოსთან და დემოკრატიულ რუსეთთან ერთად, ეს ჩვენს საერთო ინტერესშია", - წერს კარა-მურზა.

ცნობისთვის, 17 აპრილს მოსკოვის სასამართლომ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებული პოლიტიკოსი 2022 წლის 11 აპრილს დაიჭირეს. უკრაინაში ომის საწინააღმდეგო მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ ის „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს და  ბრალად დასდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება.

კარა-მურზა ბრიტანეთის და რუსეთის მოქალაქეა. ის იყო ოპოზიციის ლიდერ ბორის ნემცოვის უახლოესი თანაშემწე, რომელიც 2015 წელს, მოსკოვის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი