მთავრობა კვლავ შეთითხნილი ბრალდებების გზას ირჩევს - ფრონტერას მორიგი წერილი

გამოქვეყნდა:

ნავთობკომპანია "ფრონტერა" საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს მთავრობას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაუწიოს კომპანიის ყოფილ თანამშრომლებს.

ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირი კონტაქტი დაამყაროს ჩვენს კომპანიასთან და ხელი შეუწყოს კონსტრუქციულ პარტნიორობას, საქართველოს ხელისუფლება კვლავ ირჩევს შეთითხნილი ბრალდებების გზას. საქართველოს მთავრობას რომ მართლა აღელვებდეს ჩვენი სამუშაო ძალის კეთილდღეობა, 2018 წლიდან დღემდე არ დახარჯავდა 40 მილიონ ლარს საარბიტრაჟო სასამართლოს დახმარებით ჩვენთან კონტრაქტის გაწყვეტის ამაო მცდელობებში, - წერია „ფრონტერას“ განცხადებაში.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა "ფრონტერა" წერილს ავრცელებს და ხელისუფლებას სხვადასხვა ბრალდებებს უყენებს. წინა შემთხვევაში მათ წერილით მოუწოდეს მთავრობას, შეეწყვიტათ "მავნებლური პროპაგანდა".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ, ჰააგის საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების ფონზე, მაინც გააგრძელა კონტრაქტი „ფრონტერასთან“ და შესაძლებლობას მისცა კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანებით, კერძოდ, საქართველოს, როგორც საინვესტიციო ქვეყნის დადებითი რეპუტაციისა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის პოზიტიურ ნიშნულზე შენარჩუნების აუცილებლობით დაასაბუთა.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი