საქართველოს ეროვნული კინოცენტრიდან კიდევ ორი თანამშრომელი, ლევან აბდუშელიშვილი და დავით დავითიანი გაათავისუფლეს. ბრძანებები ყოფილმა თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში განათავსეს.
კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, კობა ხუბუნაიას ხელმოწერილ ბრძანებაში გათავისუფლების მიზეზად ამ შემთხვევაშიც რეორგანიზაცია სახელდება.
"გათავისუფლების ბრძანებაში წერია, რომ არსებობდა "რაღაც" კომისია, რომელიც 20 ივნისს შეიკრიბა და მიიღო გადაწყვეტილება ჩემი შრომითი ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე. რა კომისია? ვინ კომისია? კომისია, ცხადია არ არის საჯარო და კიდევ უფრო ცხადია, რომ მე არავინ დამკავშირებია/გამსაუბრებია. დახურულ კარს მიღმა და ჩემთან გასაუბრების გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება", - წერს ლევან აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ კინოცენტრში რეორგანიზაცია ოფიციალურად დასრულდა. ყველა იმ თანამშრომელს, რომელმაც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მიიღო გაფრთხილება, უკვე ოფიციალურად მიუვიდათ სამსახურიდან გათავისუფლებს ბრძანებები.
ხელოვანები თვეზე მეტია ცენზურის მცდელობებსა და თეა წულუკიანის რეპრესიებზე საუბრობენ და კულტურის სამინისტროსთან დღეს, 19:00 საათზე, მორიგ აქციას აანონსებენ. ისინი რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებასა და დირექტორის არჩევის წესის ცვლილებას ითხოვენ.