
ჩვენ კამპანიას ვაგებთ მომავალზე, თუ მოისმინეთ, მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე ვლაპარაკობდი და ვსაუბრობდი - ამის შესახებ გიორგი გახარიამ კახეთში, თელავის მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატის ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენის შემდეგ განაცხადა. ამ განცხადების მიუხედავად, წარდგენის ტექსტში გახარია ძირითადად 2012 წლის შემდეგ კახეთში მიმდინარე პროცესებს შეეხო.
შეუძლებელია წარმატებული მომავლის მშენებლობა მშვიდობის გარეშე. და ჩვენ არ უნდა დაგვავიწდეს, რომ აგვისტოს დღეებია დღეს და თუ ირაკლიმ რაღაც აქცენტები გააკეთა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის არის თავადაცვის მინისტრი და მისთვის ამ მშვიდობიან განზომილებას აქვს, როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა, ეს არის განმარტება, თორემ მთლიანად კამპანია იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური, მომავალზე და ახალგაზრდებზე, - თქვა გახარიამ.
გახარიამ ეს კომენტარი ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაზე აქცენტით გააკეთა, რომლის დროსაც თავდაცვის მინისტრი კვლავ 2008 წელსა და ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტზე ისაუბრა.
თბილისის მერმა კახი კალაძემ წარდგენის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საზოგადოებამ უნდა გააკეთოს შედარებები, თუ რა იყო წარსულში და რა გვაქვს დღეს.
საით მივდივართ, როგორი ქვეყანა გვინდა განვავითაროთ და როგორი ქვეყანა წარმოგვიდგენია, ამიტომ მთავარი მიმართულება იქნება მომავალი, - განაცხადა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ დღეს "ქართული ოცნების" ლიდერებს წარდგენის განმავლობაში არ უსაუბრიათ არც ერთ კონკრეტულ საქმეზე, რომელსაც კახეთის მაჟორიტარი გამარჯვების შემთხვევაში გააკეთებს.
მმართველმა გუნდმა დღეს, 10 აგვისტოს კახეთში მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიძე წარადგინა.
"ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატების სია 20 ივლისს წარადგინა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა და მას რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
"ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარები ნახეთ აქ.
"ქართული ოცნების" მაჟორიტარები რეგიონებში ნახეთ აქ.