"მთავარ არხთან" საუბარში უკრაინის რადას დეპუტატი, პარტია "ხალხის მსახურის" წევრი, მაქსიმ ბერჟინსკი ამბობს, რომ საქართველოს პრემიერი განცხადება შორსაა კორექტულობისგან. მათი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით მიღებული მიმართვა არაა ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევა.
მან უპასუხა უკრაინასთან დაკავშირებით ღარიბაშვილის ზოგად განცხადებებსაც, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია და მილიონობით ადამიანმა დაკარგა სახლი. დეპუტატი ამბობს, რომ ეს ასეა, თუმცა უკრაინა არ ნებდება და აგრძელებს ბრძოლას, ასევე, არ იკატუნებს თავს, თითქოს არაფერი ხდება და არ თანამშრომლობს მტერთან.
"პირველ რიგში ვიტყვი, რომ ეს ნათქვამი ძალიან შორსაა კორექტულობისგან. შეგნებულად არ ვამბობ, ოფიციალურისგან, იმიტომ რომ ელემენტარული კორექტულობა არ იყო დაცული. გარდა ამისა, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის საქართველოს შიდა საქმე ორი მიზეზის გამო. პირველი ის არის, რომ საქმე ეხება უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს და ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ ჩვენი მოქალაქის ინტერესები. მეორე, საქართველო დეკლარირებულად მიისწრაფვის ევროკავშირისკენ და აცხადებს, რომ სურს ევროპულ ოჯახში გაერთიანება, მსგავსი საქციელი კი ამ მისწრაფებებს არ შეესაბამება. უკრაინა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, უკრაინა ასრულებს პირობებს, რომლებიც გათვალისწინებულია ევროკავშირში შესასვლელად, უკრაინა იზიარებს ევროკავშირის მორალურ, ჰუმანიტარულ, საკანონმდებლო ფასეულობებს და ამიტომ არ შეგვიძლია თვალის დახუჭვა.
ასე რომ, ეს არ არის საქართველოს შიდა საქმე. ჩვენ ზუსტად ამავე პრინციპით არ დაგვიხუჭავს თვალი და ხელი არ ჩაგვიქნევია, როდესაც 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა. მე მოვისმინე თქვენი პრემიერის გამოსვლა, რომელშიც მან ყურადღება გაამახვილა ჩვენს პრობლემებზე, რატომღაც დაასახელა რიცხვი 20 მილიონი, როდესაც დევნილებზე საუბრობდა და ასევე თქვა, რომ უკრაინის 20% ოკუპირებულია. დიახ, ეს ასეა, მაგრამ ჩვენ არ ვნებდებით და ბრძოლას ვაგრძელებთ, არ ვთანამშრომლობთ მტერთან და არ ვიკატუნებთ თავს, თითქოს არაფერი ხდება. სწორედ ამიტომ არის რთული ჩვენთვის ქართველი პარტნიორების ქცევის გაგება", - ამბობს
14 ივლის უკრაინის რადამ მიიღო მიმართვა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს.
საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს უკრაინის მოქალაქე და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. რეზოლუციის ადრესატები ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებიც არიან.