უკრაინის პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს, შავ ზღვაში რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევას სთხოვს - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ზელენსკისა და სტოლტენბერგის სატელეფონო საუბარი რამდენიმე საათის წინ შედგა.
"მე მივმართე იენსს წინადადებით, სასწრაფოდ მოიწვიოს ასეთი საბჭო კრიზისული კონსულტაციებისთვის. შეხვედრა რამდენიმე დღეში გაიმართება. ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ უსაფრთხოების კრიზისი შავ ზღვაში", - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
ზელენსკიმ და სტოლტენბერგმა შავ ზღვაში არსებულ ვითარებასა და იმ რისკებზე ისაუბრეს, რომელიც გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას ემუქრება მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებიდან, რუსეთის გასვლის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა-NATO-ს საბჭო ვილნიუსის სამიტზე შეიქმნა და პირველი სხდომაც 12 ივლისს გაიმართა.