ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელმაც ქვეყანაში რუსეთიდან ტურისტები შემოიყვანა, რომელიმე ქვეყნის მიერ სანქცირებული არაა. გურამიშვილის განცხადებას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
"საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო შემოსავლების სამსახურთან ერთად სანქციებთან მიმართებაში პერმანენტულად ახორციელებს ქვეყანაში შემოსული გემების სკრინინგს. შესაბამისად, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც საქართველოს წყლებში იმყოფებოდა, არ არის რომელიმე ქვეყნის მიერ სანქცირებული", - ამბობს გურამიშვილი.
ის ასევე ამტკიცებს, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება, მათ შორის ბათუმის პორტში, სადაც ის 27 ივლისს იმყოფებოდა.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "გურამიშვილი აქცენტს აკეთებს საკითხის იმ მხარეზე, რომელიც ტურიზმს უკავშირდება." მისი თქმით, ტურიზმი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სექტორია, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის ზრდის კუთხით და არ შეიძლება მისადმი შერჩევითი, სატრანსპორტო საშუალების მიხედვით მიდგომა.
"ტურისტებისთვის გზა გახსნილია როგორც საავტომობილო, ისე საჰაერო მიმოსვლისთვის, აუცილებელია, რომ ქვეყანა პოზიციონირებდეს საზღვაო მიმოსვლის თვალსაზრისითაც და აითვისოს ის პოტენციალი, რომელიც მას ტურიზმის დარგში საზღვაო მიმართულებით აქვს," - ამბობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
ცნობისთვის, "მთავარი არხის" ინფორმაციით, კომპანია, რომელიც საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ფლობს, აშშ-სა და უკრაინის მიერაა სანქცირებული. დღეს, 31 ივლისს გამთენიისას Astoria Grande-მ რუსი ტურისტები საქართველოში კიდევ ერთხელ შემოიყვანა. ცნობილია, რომ გემზე ასევე იმყოფებიან ომისა და პუტინის მხარდამჭერი აქტივისტები.
მოქალაქეები ბათუმის პორტში გემის შემოსვლას აქციითა და შეძახილებით დახვდნენ. პროტესტის დროს პოლიციამ 10-მდე აქტივისტი დააკავა. ადგილზე აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოქალაქეები ამ წუთებშიც ბათუმის პორტში რჩებიან. მათი თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ, მანამ სანამ ლაინერი პორტს არ დატოვებს.
მანამდე, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.