ბაჩალიაშვილის ოჯახი შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

გამოქვეყნდა:

ახალი მტკიცებულებები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში - გარდაცვლილი გოგოს ჩანაწერი, სიტყვებით "პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე" და სავარაუდოდ, ახალი კოდები და პაროლები სულ ცოტა ხნის წინ ოჯახმა და მისმა ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცეს.

ბაჩალიაშვილებიც და მიხეილ რამიშვილიც ამ დრომდე საგამოძიებო უწყებაში იმყოფებიან. ადვოკატს იმედი აქვს, რომ ეს წერილი და ახალი კოდები გამოძიების ვერსიებს შეცვლის. ამვდროულად სამინისტროში მიმდინარეობს ჟურნალისტ გიორგი კაპანაძის დაკითხვა - სწორედ, მან გაასაჯაროვა პირველმა თამარ ბაჩალიაშვილის ახლად აღმოჩენილი წერილი.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ბაჩანა ლობჟანიძე უკვე ოთხჯერ დაკითხეს. მისივე თქმით, ის ალტერნატიულ გამოძიებას დამოუკიდებლად აწარმოებს და საქმეში FBI-ს ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავს, რის გამოც ბაჩალიაშვილების ოჯახს აქვს ეჭვი, რომ ლობჟანიძე სულაც არ იყო დაღუპულის ახლო მეგობარი.

კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი