ბაჩალიაშვილის სოციალურ ქსელებში მიმოწერები და ზარები წაშლილია - მიხეილ რამიშვილი

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და მათმა ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტრო შვიდსაათანი გამოკითხვის შემდეგ დატოვეს. ოჯახის უფლებადამცველის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, გამოძიებასთან ერთად თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი და სოციალური ქსელები შეამოწმეს. 

მისივე თქმით, ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელების, Whatsapp-ის, Viber-ისა და Facebook Messenger-ის  მიმოწერები და ზარები მთლიანად წაშლილია: "აბსოლუტურად წაშლილია ყველაფერი. ჩათებიც კი, არათუ ზარები. ბოლო ჩათი Whatsapp-ში, 24 ივნისიდან წაშლილია. ბოლო ზარი არის 6 ივნისიდან წაშლილი". ტელეფონში კი მათ მხოლოდ ფოტოები დახვდათ. რამიშვილი ამბობს, რომ ეს ექვსი ფოტო 18 ივნისის 22:00 საათით თარიღდება. 

მიხეილ რამიშვილის თქმითვე, ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ ბაჩალიაშვილის ადგილმდებარეობისა და გადაადგილების დადგენას ტელეფონის საშუალებით შეძლებდნენ. თუმცა დღეს მობილურში არც ეს ინფორმაცია მოიძებნა. 

მანამდე კი, 8 აგვისტოს, დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა თქვა, რომ ტელეფონის ექსპერტიზის დასაწყებად მისულებს, ტელეფონი გახსნილი დახვდათ. მისი ინფორმაციით, ტელეფონის ექსპერტიზა 24 ივლისს დაიწყო, რახეც ინფორმაცია მას არ ჰქონია. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში დაღუპული იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია ZAG-ის მფლობელის აბრაჰამ რეირბახის თქმით კი, ბოლო პერიოდში, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი