მინსკში დაპირისპირებას მეორე ადამიანიც ემსხვერპლა - მთელი ღამის განმავლობაში სროლები ისმოდა ბელორუსის დედაქალაქში და ქალაქ გომელში. მოსახლეობის მოწოდებებს და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნებს უერთდებიან ჟურნალისტები, მედიკოსები და პოლიციელებები.
25 წლის ახალგაზრდა გომელში, პოლიციის მიერ მომიტინგეების დაკავების დროს დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა რამდენიმე საათი ჩაკეტილ მანქანაში გაატარა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
სპეცდანიშნულების რაზმმა ცეცხლი საცხოვრებელი სახლების მიმართულებითაც გახსნა.
პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვეს სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანებმა და სხვა ჟურნალისტებმა, გაიფიცნენ მედიკოსები და დაზარალებული პოლიციელების მკურნალობაზე უარს აცხადებენ. მოსახლეობას უერთდებიან ჯარისკაცები და პოლიციელები, სპეცდანიშნულების რაზმისა და შსს-ის თანამშრომლების შემდეგ ხელისუფლების მოთხოვნების შესრულებაზე უარი თქვეს მილიციის თანამშრომლებმა და ლუკაშენკოს დანებებისკენ მოუწოდეს.
მიმდინარე მოვლენებმა საერთშორისო კრიტიკა და შეშფოთება გამოიწვია. საერთშორისო საზოგადოება ბელორუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე მოლაპარაკებებს იწყებს და მინსკს უმკაცრესი ზომებით ემუქრება. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბელორუსისთვის ნავთობის მიწოდების შესაძლო შეწყვეტაზეც ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მინსკში 2020 წლის 9 აგვისტოს ჩატარდა. ამომრჩეველი შედეგებით უკმაყოფილოა და ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები და დემონსტრანტების დაკავებები დღემდე გრძელდება. მოსახლეობა დანებებას არ აპირებს და მთავრობის ლეგიტიმაციასთან ერთად ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.