ამერიკა და საქართველო გადამწყვეტი არჩევნებისთვის ემზადებიან, იმის მიუხედავად, რომ შეერთებულ შტატებს თავადაც რთული პოლიტიკური შემოდგომა ელის, დროს მაინც პოულობს, საქართველოს შეახსენოს, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. კონგრესმენებისა და სენატორების მოწოდებების შემდეგ, ახლა უკვე საქმეში სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერთო.
საქართველოში დემოკრატიის განმტკიცება, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და საერთაშორისო სტანდარტების მნიშვნელობა, - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სტივენ ბიგანმა ყოველწლიურ კონფერენციაზე "საქართველო და სამეზობლო" ისაუბრა. ბიგანმა საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება, რუსეთს კი მოუწოდა უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
თუ "ოცნების" ხელისუფლება არ გაითვალისწინებს დასავლეთის მოთხოვნას, ჩვენ მოგვიწევს იმ დოკუმენტზე საუბარი, რომელშიც აშშ-სგან საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილის გაყინვას შეეხება, ფიქრობენ ექსპერტები.
ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა აშშ-დან გზავნილები, ძირითადად, სამწუხაროდ, ნეგატიური შინაარსის, ამას ორი მიზანი აქვს, ერთია თავისი პოზიციის და უკმაყოფილების დაფიქსირება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის ნაკლებობასთან მიმართებაში და მეორე, გაფრთხილება ხელისუფლებას, რომ ნორმალურად ჩაატაროს არჩევნები, რადგან ეს ბოლო წითელი ხაზი იქნება იმასან მიმართებაში, რაც იქნება ამერიკის განწყობა დღევანდელი მმართველი პოლიტიკური გუნდის მიმართ, - ამბობს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე.
პოლიტოლოგი ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ როდესაც სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადება კეთდება იმ კონგრესმენებისა და სენატორების მწვავე რეაქციების ფონზე, ეს არის უმნიშვნელოვანესი.
2020-ის არჩევნები არის კრიტიკული, რომელსაც შესაბამისად, მოჰყვება ძალიან კონკრეტული ნაბიჯები საქართველოს სახლმწიფოს წინააღმდეგ. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს "ოცნება", რომ არ გადააყოლოს თავის პარტიულ ინტერესებს სახელმწიფოს ინტერესები, - ამბობს იგი.
საია-ს ხელმძღვანელის სულხან სალაძის თქმით, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების პრაქტიკულად ყველა განცხადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკავშირდება დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას.
ამ მხრივ გამონაკლისი არც ეს განცხადება ყოფილა, რაც მიანიშნებს იმას, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა, - ამბობს სალაძე.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამ და მსგავსი განცხადებების გაკეთების მიზეზად "ქართული ოცნების" ხელისუფლებისადმი უნდობლობის გაღრმავებას მიიჩნევენ.
სახელმწიფო დეპარტამენტის ეს პოზიცია, არის პირდაპირი გზავნილი, თუ არ იქნება ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო, არ არის დემოკრატია, არ იქნება ინვესტიციები, არ იქნება ეკონომიკის განვითარება, იქნება გაღარიბებული ქვეყანა და ქვეყნის სვლა პროგრესისკენ იქნება შეჩერებული, - ამბობს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია.
ქვეყნის პოლიტიკური სივრცის აქტორები ახლა სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ანგარიშს ელოდება, რომელიც სახელმწიფო მდივანმა კონგრესის ორივე პალატას საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების შესახებ უნდა წარუდგინოს.