"ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე, გლდანში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და ამტკიცებს, რომ ძალადობა ხელისუფლების მიერ არ იყო ორგანიზებული. მისივე თქმით, ხელისუფლებას ყველაზე ნაკლებად აწყობს მსგავსი ტიპის ინციდენტები.
"პასუხი არის არა, მარტივად. ამაზე არაერთხელ გიპასუხეს ადამიანებმა, რომელთა მიმართებაშიც თქვენ კითხვა დასვით. გიპასუხეს და ეს არის მტკნარი ტყუილი, რომ თითქოს ხელისუფლება დგას ამის ორგანიზების უკან. არა, ეს სწორი არ არის და ამას, რა თქმა უნდა, უარვყოფ. ამიტომ, რაც არ უნდა მაგალითები გაიხსენოთ დამატებით, ამით შინაარსი ვერ შეიცვლება, პასუხი რჩება იგივე. პირდაპირ გეუბნებით, ხელისუფლებას ყველაზე ნაკლებად აწყობს მსგავსი ტიპის დაძაბულობა და მსგავსი ტიპის ინციდენტების არსებობა. ამაში, სამწუხაროდ, ნამდვილად დარწმუნებული გახლავთ ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია", - თქვა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, 22 სექტემბერს თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, ენმ-ის წევრ ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში, საკუთარ სახლთან, შეიარაღებული პირები ხელკეტებით დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ, მასთან მივიდნენ ენმ-ის წევრები. ადგილზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც შსს-მ ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავა.
ეძგვერაძეს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. ის მომხდარში საკრებულოს " ქართული ოცნების" დეპუტატის, კოტე ზარნაძის გარემოცვას ადანაშაულებს, რადგან თავდასხმას წინ 22 სექტემბერს თბილისის საკრებულოს სხდომაზე მომხდარი ჩხუბი უძღოდა.
ასევე ნახეთ: