უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუქარესტში რუმინელ კოლეგასთან კლაუს იოჰანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც "ჰამასის" უკან დგას.
"ვინ დგას "ჰამასის" უკან? ვფიქრობ, პასუხი საკმაოდ მარტივია: ის, ვინც მათ მხარს უჭერს. შეგვიძლია ვნახოთ - მხარს უჭერს საჯაროდ, მხარს უჭერს იარაღით, ეს ხომ ერთი დღე არ არის, ეს დიდი ხანია ხდება. ვფიქრობ, აქ შეიძლება ფართო პასუხი იყოს, რომელიც თავად შეგიძლიათ იპოვოთ. ასევე სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ ნახოთ, ვინ იძლევა შესაბამის სიგნალებს. ვთვლით, რომ რუსეთი ერთ-ერთია მათგან, ვინც ეხმარებოდა და ასეთი შესაბამისი ნაბიჯების უკან დგას", - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა.