დიდი დიღომში, 12 წლის გოგოს მკვლელობი საქმის გამოძიებაში შესაძლოა FBI ჩაერთოს. ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროს მოზარდის მშობლები და ადვოკატები მიმართავენ. უფლებადამცველების ინფორმაციით, საქმეში ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება.
ორგანიზაციაში "უფლებები საქართველოს" იურისტები მიიჩნევენ, რომ ჩადენილია დანაშაული მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე და საჭიროა დაუყოვნებლივ მინიმუმ ერთი ექსპერტის მიმართ ბრალის წარდგენა, რასაც საგამოძიებო უწყება აჭიანურებს.
"ექსპერტი რომელიც მოიქცა გულგრილად თუ განზრახ, ეს უკვე გამოძიების დასადგენია, მაგრამ ჩაიდინა დანაშაული და დღეს გვაქვს ის მოცემულობა რომ ქართული მხარე და ქართული ექსპერტიზა განმეორებითი ექსპერტიზის ფარგლებში ვეღარ ადგენს დნმ-ის ვარგისიანობას და ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი დახმარების გამოყენება, კერძოდ, ლიეტუვის სახელმწიფოს ექსპერტების და პარალელურად FBI -ს ექსპერტების ჩართვა" ამბობს ორგანიზაციის იურისტი.
ორგანიზაცია თავიდანვე აცხადებდა, რომ ანა იანუშაიტიტეს საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შენახვის წესის დარღვევის შედეგად, გოგონას ცხედრიდან აღებული ნიმუშები დაობდა.
მოკლულის დედის განცხადებით, გამოთხოვილი აქვთ 112-ში შესული ზარები, სადაც დიდი დიღმის მოსახლეობა სავარაუდო პედოფილიის შემთხვევებს აფიქსირებდა, თუმცა ინფორმაცია დაზარალებული მხარისთვის ჯერ არ გადაუციათ:
"112-ის ზარები იმით არის მნიშვნელოვანი, რომ დიდი დიღმის მოსახლეობა პერიოდულად რეკავდა და ატყობინებდა 112-ს, კონკრეტული პედოფილების შევიწროებაზე...ეს ზარები გამოთხოვილი გვაქვს, მოსულია და ჯერ არ გადმოგვცემია" ამბობს მოკლული მოზარდის დედა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, გამოძიებას აქვს რამდენიმე პირის ჩვენება, რომლის საფუძველზეც გამოძიებამ სავარაუდო დამნაშავის ფოტორობოტი შეადგინა.
შეგახსენებთ, 12 წლის მოზარდის ცხედარი 17 მარტის ღამეს, დიდ დიღომში, მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა, სახლთან ახლოს, პეტრიწის 12 ნომერთან იპოვეს. ტერიტორია, სადაც ბავშვი ნახეს, მისი სახლის უკან, დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს.
ექსპერტიზის დასკვნით, გოგონას სხეულზე 40-მდე დაზიანება მიაყენეს, თუმცა საქმისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაზიანებული და გამოუსადეგარია. ირკვევა, რომ ნიმუშები არასათანადოდ იყო შენახული, რამაც მათი დაობება გამოიწვია და შეუძლებელია იმის დადგენა, ვის ეკუთვნის ანა იანუშაიტიტეს სხეულზე აღმოჩენილი უცხო პირის დნმ.
იხილეთ: