ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, რომ "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ დაახლოებით 500 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
"ღაზის სექტორის გარშემო ყველა დასახლება ევაკუირებულია მთავრობის მითითებების შესაბამისად. არ გვინდა, მშვიდობიანი მოქალაქეები საბრძოლო ზონასთან ახლოს იმყოფებოდნენ... ჩვენ ვსაუბრობთ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ სიტუაციაზე ისრაელში", - განაცხადა კონრიკუსმა და ასევე აღნიშნა, რომ ღაზის სექტორში გაცილებით უარესი სიტუაციაა.
კონრიკუსის თქმით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში 100 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ისევ რჩება.
მისი თქმით, იძულებით გადაადგილებულ 500 000 ისრაელელს შორის არიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც ლიბანთან საზღვრის მიმდებარე დასახლებებში ცხოვრობენ. მათი ევაკუაცია ისრაელმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ლიბანიდან თავდასხმები გახშირდა. მათ ნაწილზე პასუხისმგებლობა "ჰეზბოლამ" აიღო.
ამას გარდა, როგორც BBC აღნიშნავს, ღაზის სექტორში იძულებით გადაადგილება მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ისრაელი-ჰამასის ომის შედეგად დაღუპულთა რიცხვი უკვე 4 000-ს აჭარბებს. ამასთან, ტერორისტულმა დაჯგუფება ამტკიცებს, რომ ღაზის სექტორში 200-დან 250-მდე ტყვე ჰყავთ.