
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერი ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტს Twitter-ზე გამოეხმაურა.
კიზინგერი მომხდარს "მხდალ თავდასხმად” აფასებს და ამბობს, რომ ნავალნი არის ადამიანი, რომელიც პუტინის კორუფციულ რეჟიმს წინ აღუდგა და ხმას თავისუფლებისთვის იმაღლებს.
შემაშფოთებელია, უყურო მორიგ შემზარავ და მხდალ თავდასხმას იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც წინ აღუდგა პუტინის კორუფციულ რეჟიმს და რომელიც ხმას იმაღლებს თავისუფლებისთვის. ვლოცულობ ალექსეი ნავალნისა და მისი ოჯახისთვის, მისი ჯანმრთელობისთვის და იმისთვის, რომ შესაბამისი სასჯელი კანონისმიერად აღსრულდეს, - წერს ამერიკელი კონგრესმენი

მაშინ, როდესაც რუსი ოპოზიციონერი ლიდერის მოწამვლის ფაქტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა დასავლეთში, მომხდარს ცინიკური განცხადებით პასუხობს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი და ამბობს, რომ თუკი ალექსეი ნავალნის მოწამვლა დადასტურდება, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას დაიწყებენ.
ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტის მთავარი ოპონენტი და რუსეთის ოპოზიციის ფაქტობრივი ლიდერი - მოწამლეს და ის ჰოსპიტალიზირებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება რუსეთში თანხმდება, რომ ისე, როგორც ბოლო წლებში მოკლული სხვა ოპონენტები - ალექსეი ნავალნიც ვლადიმერ პუტინის მორიგი მსხვერპლია. ამაზე თანხმდებიან დასავლეთშიც.
ნავალნი რამდენიმეჯერმე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლოს გამო დაკავებულიც იყო - 2014 წელს The Memorial Human Rights Center-მა კი, ნავალნი პოლიტპატიმრად მიიჩნია.
2017 წელს ალექსეი ნავალნიმ და მისმა ანტიკორუფციულმა ფონდმა გადაიღეს ფილმი სახელწოდებით Don't call him "Dimon" (არ დაუძახო მას დიმონი), სადაც მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის კორუფციულ სისტემაზეა საუბარი.
2018 წელს ოპოზიციონერ ლიდერს 30 დღიანი პატიმრობა მას შემდეგ მიესაჯა, რაც ის მოსკოვში პუტინის წინააღმდეგ უნებართვოდ გამართულ საპროტესტო აქციას დაესწრო.
კრემლის საწინააღმდეგო და კრიტიკული აზრის მქონეებს, რუსეთში მსგავსი მეთპდებით უსწორდებიან: ალექსანდრ ლიტვინენკო, ანა პოლიტკოვსკაია, ნატალია ესტემიროვა, ბორის ნემცოვი, ვლადიმერ კარამურზა, პიოტრ ვერზილოვი, სკრიპალები და ბოლოს ალექსეი ნავალნი - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პირების, ვინც ბოლო წლებში პუტინის რეჟიმის მსხვერპლი გახდა.