ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის გარეშე „მაუწყებლობის შესახებ” კანონში უმრავლესობის დეპუტატების ინიცირებით დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები კრიტიკული მედიის ცენზურისა და დასჯის საფრთხეს შეიცავს - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" განცხადებაში "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
"გამჭვირვალობა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, ვეტო დაადოს ამ საკანონმდებლო ცვლილებებს.
"არსებული რეალობის გათვალისწინებით, როდესაც გამოწვევად რჩება კრიტიკული მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადად კრიტიკული აზრის მიმართ ხელისუფლების ნეგატიური დამოკიდებულება, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი და პოლიტიზირება, სასამართლო სისტემის მიმართ დაბალი ნდობა - ამ პირობებში კომუნიკაციების კომისიისათვის მედიის დასანქცირების დამატებითი ბერკეტების და მედია პროდუქციის შინაარსში შესვლის კომპეტენციის მინიჭება რისკის შემცველია გამოხატვის თავისუფლებისათვის.
კანონი ვერ უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რისთვისაც განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში დაშვებულია სიძულვილის ენის და უხამსობის სამართლებრივი რეგულირება და იგი შესაძლოა სადამსჯელო ბერკეტად იქცეს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გამოყენებული.
ამდენად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიიჩნევს, რომ მსგავსი მნიშვნელობის ცვლილებები არ უნდა მიიღებოდეს დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებისა და ფართო ჩართულობის გარეშე, რასაც მოითხოვს ევროდირექტივაც აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შესახებ.
მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს ვეტო დაადოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც კრიტიკული მედიის ცენზურისა და დასჯის საფრთხეს შეიცავს".- აცხადებს TI.
შეგახსენებთ, მმართველმა პარტიამ გუშინ, 19 ოქტომბერს მესამე მოსმენით მიიღო ცვლილება "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომელიც მედიის წინააღმდეგ ახალ შეზღუდვებს აწესებს. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უჩნდება ბერკეტი, მედიაში გასული პრაქტიკულად ნებისმიერი მასალა გამოაცხადოს უხამსობად და მაუწყებელს სოლიდური სანქციები დააკისროს.
მმართველი გუნდის მტკიცებით, კანონი "მიზნად ისახავს მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონის დახვეწას, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აღკვეთას და ეფექტური მექანიზმის შექმნას". "ოცნებამ" კანონპროექტი დაჩქარებულ რეჟიმში განიხილა და მიზეზად ევრორეკომენდაციები მოიყვანა.