სროლას პოლიციის მაღალჩინოსნები შეესწრნენ | დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმის კადრები და დეტალები

გამოქვეყნდა:

შეიარაღებული თავდასხმის პარალელურად, დმანისის ყოფილ მერს- გიორგი ტატუაშვილსა და მის მეგობარს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობდა. ამ დროს ტატუაშვილს თავდამსხმელები ჯერ კიდევ მისდევენ და ესვრიან. 

14 წუთიან ვიდეოში 7 გასროლის ხმა ისმის. ტყვიები ავტომობილს სხვადასხვა ნაწილში მოხვდა, ერთმა მძღოლის სავარძლამდეც მიაღწია. ტატუაშვილი მინიმუმ სხეულის მძიმე დაზიანებას შემთხვევით გადაურჩა.  

ვიდეორეგისტრატორის მიერ გადაღებული კადრებით ირკვევა, რომ თავდამსხმელებმა ტატუაშვილს  13 საათსა და 41 წუთზე გაასწრეს, გზა გადაუჭრეს, მანქანიდან გადმოვიდნენ და სროლისთვის მოემზადნენ. დმანისის ყოფილი მერი უკუსვლით ადგილს მოშორდა, თუმცა მერსედესის მარკის ავტომობილით მას უკან დაედევნენ  და 3 წთ -ის განმავლობაში ესროდნენ. 

დაფლეთილი საბურავების მიუხედავად, ტატუაშვილი მანქანას არ აჩერებს,  თავდამსხმელებიც უკან  მისდევენ.   გზად ჯერ  დმანისის პოლიციის უფროსი ხვდებათ, შემდეგ პოლიციის უფროსის მოადგილე, ამის მიუხედავად არც დევნას წყვეტენ და არც სროლას. 

13 საათსა და 50 წუთზე ტატუაშვილის მანქანა გაჩერდა. ვიდეოში ჩანს, რომ ზუსტად ამ დროს თავდამსხმელები გაცდნენ და გზა გააგრძელეს. რამდენიმე წამში დმანისის პოლიციის  მაღალჩინოსნები  ტატუაშვილის მანქანასთან ჩერდებიან. დამნაშავეებს აღარავინ  მისდევს. 

პოლიციელებმა ადგილზე გადაწყვიტეს,რომ გამოძიება უნდა დაეწყოთ.  მანამდე რატომღაც არ გაახსენდათ, რომ გამაფრთხილებელი გასროლის უფლება ჰქონდათ, უფლება ჰქონდათ თავდამსხმელების ავტომობილი ყველა ხერხით გაეჩერებინათ, მათ შორის საბურავებში სროლით. შეიარაღებული თავდასხმის შემსწრე პოლიციელებმა  ვერ, ან არც  ის მოიფიქრეს, რომ დამნაშავეებს გაჰკიდებოდნენ. 

ფაქტია, დანაშაულის შემსწრე სამართალდამცველებმა თავდამსხმელების  დასაკავებლად არაფერი გააკეთეს. სავარაუდოა, რომ იქვე მიხვდნენ ვინ ჩაიდინა დანაშაული.  გიორგი ტატუაშვილმა თუ მოახერხა თავდამსხმელების დანახვა და ავტომობილის ნომრის ამოცნობა, პოლიციელებს ამის გაკეთება უფრო მარტივად შეეძლოთ. 

მერსედესის მარკის შავი ავტომობილი კობა მენაბდიშვილს ეკუთვნის.  ტატუაშვილის მტკიცებით მას სწორედ მენაბდიშვილი და ზურაბ ოკმელაშვილი დაესხნენ თავს. 

კობა მენაბდიშვილი და ზურაბ ოკმელაშვილი როგორც ჩანს ხელშეუხებლები არიან. მფარველები ჰყავთ და ყველაფერზე მწვანე შუქი აქვთ ანთებული - მათ შორის პოლიციის თვალწინ  სროლაზეც კი, თუ საქმე ხელისუფლების ოპონენტების დასჯას ეხება.  ეს არ არის პირველი შემთხვევა,როდესაც ოკმელაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, მისი პასუხისგებაში მიცემის საკითხი კი არც დამდგარა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო. უცნობია გამოკითხეს სავარაუდო დამნაშავეები თუ არა. საგამოძიებო უწყებაში არც იმას ამბობენ, არის თუ არა ოკმელაშვილსა და  მენაბდიშვილზე ძებნა გამოცხადებული. ამ უკანასკნელის სახლი გაჩხრიკეს, ჩატარდა თუ არა საგამოძიებო მოქმედებები ოკმელაშვილის სახლში უცნობია. თუმცა ფაქტია, რომ სავარაუდო დამნაშავეები ამ შემთხვევის შემდეგ არავის უნახავს, არც სახლში და არც სამეზობლოში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი