დმანისის მერზე თავდასხმისთვის, პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა, თუმცა მათი ვინაობა დაკონკრეტებული არაა. უწყების ცნობით, ბრალდებულები თავს არიდებენ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას და მათ ბრალი ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, ტარების ფაქტებზე ბალი დაუსწრებლად წარედგინათ:
"საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, ტარების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წარსულში არსებული წყენის გამო, მოკვლის განზრახვით, ავტომანქანით აედევნენ დმანისისკენ მოძრავ დაზარალებულის ავტომანქანას და ავტომანქანის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელეს.
ვინაიდან ბრალდებულები თავს არიდებდნენ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს." აცხადებს პროკურატურა
შეგახსენებთ, დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს თავს 1-ელ ნოემბერს დაესხნენ. ავტომანქანით გადაადგილების დროს მას რამდენჯერმე ესროლეს. ტატუაშვილი ტყვიას შემთხვევით გადაურჩა. მან იმავე დღეს დაასახელა "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირები - ზურაბ ოკმელაშვილი და კობა მენაბდიშვილი.
"მთავარმა არხმა" თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალაც გაასაჯაროვა.
იხილეთ: