"მთავარმა" ექსკლუზიურად გაშიფრა იმ ავტომობილის სარეგისტრაციო ნომერი, საიდანაც დმანისის ყოფილი მერის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. გიორგი ტატუაშვილის მანქანას 4 ტყვია აქვს მოხვედრილი.
ჩვენს ხელთაა ფოტო მასალაც, რომელიც ტატუაშვილის ავტომობილის მდგომარეობას ასახავს.
დმანისის ყოფილ მერს ტყვია რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა. გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ქართული ოცნების ზონდერ ჯგუფების მხრიდან თავდასხმის სამიზნე არაერთხელ გახდა, ამ თავდასხმის შემსრულებლებად ზურაბ ოკმელაშვილსა და კობა მენაბდიშვილს ასახელებს, რომელიც მმართველი პარტიის სახელით ატერორებენ ადგილობრივ მოსახლეობასა და ოპოზიციას.
იმის მიუხედავად, რომ ყველა მტკიცებულება ზედაპირზეა, გუშინდელი თავდასხმის მონაწილეები სამართალდამცველებს ამ დრომდე არ ჰყავთ დაკავებული.
"მთავარი" იმ ადამიანებთან დაკავშირებას, ვისაც ტატუაშვილი ხელს ადებს და ამ თავდასხმის შემსრულებლად ასახელებს. ოკმელაშვილი და მენაბდიშვილი სახლში არ დაგვხვდნენ, მათი ოჯახის წევრები კი კამერის გამოჩენამ გააღიზიანა.
შეგახსენებთ, გიორგი ტატუაშვილს თავს გუშინ, 1-ელ ნოემბერს დაესხნენ. ტატუაშვილი პოლიციამ გუშინვე გამოკითხა. გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით - 236-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.