"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას ადვოკატებს საქალაქო სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩაბარდათ, ადვოკატები გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ. სარეზოლუციო ნაწილი 74 გვერდიანია და უფლებადამცველების თქმით, მასში არ მოხვდა საქმის ის ნაწილები, რომლებიც რურუას უდანაშაულობაზე მიუთითებდა.
მას ჰქონდა ორი არჩევანი, ან უნდა ეთქვა სისულელეები, ან არაფერი არ უნდა ეთქვა, ბუგიანიშვილმა (მოსამართლემ) აირჩია მეორე ვარიანტი და განაჩენში არ არის შეფასებული საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეების ჩვენებების ის ნაწილი, სადაც პოლიციელები გამოვიჭირეთ ტყუილში, და ყველაზე უფრო გასაკვირი იყო ის გარემოება, რომ განაჩენში მოსამართლე საერთოდ არ ახსენებს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც, ცეცხლსასროლ იარაღზე გიორგი რურუას ანაბეჭდები არ იყო, - თქვა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.
რურუას კიდევ ერთი ადვოკატის, ლევან სამუშიას თქმით, საქმის ფაბრიკაცია მოხდა და მტკიცებულებები გაყალბდა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით სარეზოლუციო ნაწილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარია. რაც შეეხება "ევროპული საქართველოს" წევრის, ელენე ხოშტარიას შეფასებას, მისი თქმით, ხელისუფლებას ჰქონდა შანსი შეეწყალებინა გიორგი რურუა, თუმცა ის პოლიტიკურ დევნას აგრძელებს.
"მთავარი არხის" დამფუძნებელი 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.
2020 წლის 30 ივლისს, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გიორგი რურუას თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა მიუსაჯა. 8 მარტის შეთანხმებისა და დასავლელი პარტნიორების არაერთი მოწოდების შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაკავებული ოპოზიციის ლიდერები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 2020 წლის 15 მაისს შეიწყალა.
მიუხედავად 2 პოლიტპატიმრის შეწყალებისა, 31 ივლისს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას არ შეიწყალებს და მასზე ზეგავლენას ვერავინ მოახდენს. ამ გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები:
აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა პირდაპირ თქვა, რომ პრეზიდენტმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს, ელჩმა, კელი დეგნანმა კი აღნიშნა, რომ შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა და მასზეა დამოკიდებული რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
მაიკ პომპეომ გაგაფრთხილათ... მაგრამ სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება - ასე გამოეხმაურა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ლიეტუველმა ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი გიორგი რურუას განაჩენს.
საქართველოს მეგობრები მიიჩნევენ, რომ ჯერ დაკავება და ახლა უკვე მედია მფლობელ გიორგი რურუასთვის გამოტანილი სასჯელი პოლიტიკურია - დაწერა Twitter-ზე ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამ.