გიორგი რურუას არ შევიწყალებ - სალომე ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

გიორგი რურუას არ შევიწყალებ, ვერავინ მოახდენს ჩემზე ზეგავლენას, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა

მისი თქმით, დამნაშავეები [გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი] ერთხელ უკვე შეიწყალა, რამაც საზოგადოების გულისწყრომა გამოიწვია და ახლა, ვინც არ უნდა სთხოვოს, ამას აღარ აპირებს.

დღეს ბევრი კითხვა ისმის ჩემთან მიმართებით ერთ თემაზე და მინდა, რომ ამ თემაზე აქ გავცე პასუხი და არა ქუჩაში, როგორც სჩვევიათ. სამი თვის წინ მივიღე ჩემთვის ძალიან რთული, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ძნელად გასაგები, ან პირდაპირ მიუღებელი გადაწყვეტილება და შევიწყალე ორი ადამიანი, ეს ადამიანები იყვნენ არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ დამნაშავეები, შევიწყალე როგორც ჩვევა არის, დამნაშავეები. არც მაშინ და არც ახლა ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან. თუმცა, ეს ურთულესი გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან სტაბილურობიდან გამომდინარე მივიღე. ჩავთვალე, მე პირადად, რომ ეს ნაბიჯი საკონსტიტუციო ცვლილებებს გზას გაუხსნიდა, საარჩევნო კოდექსის რეფორმას, ანუ, იმას, რაც მიგვიყვანდა მშვიდობიან და სამართლიან არჩევნებამდე და დესტაბილიზაციის საშუალებას არ მისცემდა იმ ძალებს, რომლებსაც არც არჩევნები სურთ, არც ქვეყნის წარმატება. დღეს მე ამას არ გავიმეორებ. ჩემს წინაშე დასმულ კითხვას ასე ვუპასუხებ - მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კიდევ უფრო კარგად ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის რატომ არ მივიღებ ამ შეწყალების გადაწყვეტილებას. ასევე ისიც იცის, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას.

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის, რათა ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ქვეყნის ურყევი გზა დემოკრატიისკენ. ეს არის ჩემი ამ ქვეყანაში მოღვაწეობის მთავარი მიზანი და ამ გზას არ გადავუხვევ, - ამბობს ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტს "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას შეწყალებისკენ არაერთი დასავლელი პარტნიორი მოუწოდებს. 

სასამართლოს გადაწყვეტილებას და რურუასთვის პატიმრობის შეფარდებას, რამდენიმე საათში მოჰყვა სხვა დასავლელი პარტნიორების მწვავე შეფასებები:

შეიწყალებს თუ არა გიორგი რურუას, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა. პრეზიდენტზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, - ასე ეხმაურება აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი გიორგი რურუას შეწყალების საკითხს. 

მაიკ პომპეომ გაგაფრთხილათ... მაგრამ სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება - ასე გამოეხმაურა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ლიეტუველმა ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი გიორგი რურუას განაჩენს.

სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს - ასე გამოეხმაურა ფაქტს აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში.

საქართველოს მეგობრები მიიჩნევენ, რომ ჯერ დაკავება და ახლა უკვე მედია მფლობელ გიორგი რურუასთვის გამოტანილი სასჯელი პოლიტიკურია - დაწერა Twitter-ზე ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდ. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.

ამის შემდეგ, 2020 წლის 30 ივლისს, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გიორგი რურუას თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა მიუსაჯა

გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორებიც და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. პოლიტპატიმრების, მათ შორის გიორგი რურუას გათავისუფლებას ფასილიტატორი ელჩების შუამავლობის შედეგად, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეული, 8 მარტის შეთანხმება გულისხმობდა, თუმცა პირობას "ოცნება" ამ დრომდე არ ასრულებდა.  

8 მარტის შეთანხმებისა და დასავლელი პარტნიორების არაერთი მოწოდების შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტპატიმრები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 2020 წლის 15 მაისს შეიწყალა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი