"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დღეს, 25 აგვისტოს პროკურატურას კრემილდან "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების შესასწავლად სარჩელით მიმართა.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქართული ოცნება არაერთხელ იყო პირდაპირ ალიანსში პატრიოტთა ალიანსთან, შეგვიძლია, კონკრეტული ფაქტი გავიხსენოთ, სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურის წინ მათი გაცხადებული კავშირი. გასაგებია, რომ ისინი მათი სატელიტები არიან, მაგრამ ეს საკითხი ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, სადაც რუსეთს თავისი კონკრეტული ამოცანები აქვს, ეს არის დესტაბილიზაცია, შუღლის გაღვივება და დასავლეთის დისკრედიტაცია, - თქვა ელენე ხოშტარიამ.
ხოშტარია ამბობს, რომ თუ საგამოძიებო უწყება გავრცელებული ფაქტებით თავად არ დაინტერესდებ, მაშინ საქმე მისი ფორმალური სარჩელის საფუძველზე მაინც უნდა გამოიძიონ.
გუშინ, 23 აგვისტოს რუსულმა ანალიტიკურმა პორტალმა "დოსიემ" გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომლებიც ადასტურებენ, რომ "პატრიოტთა ალიანსი" რუსეთიდან ფინანსდება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი კი გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ირწმუნება, რომ "პატრიოტთა ალიანსზე" თავდასხმა ოპონენტი პოლიტიკოსების დაკვეთაა.
ოპოზიცია "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიიდან მოხსნასა და მათი წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. პოლიტიკოსების შეფასებით, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პარტია კრემლიდან ფინანსდება, მთავარმა პროკურატურამ აუდიტთან ერთად უნდა შეისწავლოს.