
"ქართული ოცნების" დეპუტატის, სოფო კილაძის თქმით, არ აქვს საფუძველი დაიჯეროს, რომ "მთავარი არხის" მიერ გასაჯაროებული "ცენტრ დოსიეს" მასალა სიმართლეა. ამ მასალის მიხედვით ირკვევა, რომ "პატრიოტთა ალიანსი" დაფინანსებას რუსეთიდან ითხოვს.
რაღაც დოკუმენტები, რაც გაასაჯაროვა "მთავარმა არხმა" იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ ოცნებასთან მიმართებითაც რაღაც ვითომ დოკუმენტებს ასაჯაროებენ, რომელშიც სიმართლის ნატამალი არ არის, აქედან გამომდინარე, მე არ მაქვს საფუძველი დავიჯერო, რომ "მთავარი არხი" ამ შემთხვევაში სიმართლეს ამბობს, თუმცა ჩემი პირადი და "ქართული ოცნების" პოზიციაც არის ის, რომ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალა, რომელიც ოკუპანტთან არის რაიმე ფორმით ალიანსში, - თქვა სოფო კილაძემ.
შეგახსნეებთ, რომ პროკურატურას ამ საქმის გამოსაძიებლად "ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ სარჩელით მიმართა. მისი თქმით, ეს საკითხი ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. რაც შეეხება "პატრიოტთა ალიანსს", ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ ანალიტიკურ პორტალ "დოსიეს" ეს სტატია სააკაშვილმა და ბოკერიამ მიაწოდეს. მისი თქმით, ეს ყველაფერი ტყუილი, პოლიტიკური სპექტიაკლი და აფიორაა.
გუშინ, 23 აგვისტოს რუსულმა ანალიტიკურმა პორტალმა "დოსიემ" გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომლებიც ადასტურებენ, რომ "პატრიოტთა ალიანსი" რუსეთიდან ფინანსდება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი კი გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ირწმუნება, რომ "პატრიოტთა ალიანსზე" თავდასხმა ოპონენტი პოლიტიკოსების დაკვეთაა.
ოპოზიცია "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიიდან მოხსნასა და მათი წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. პოლიტიკოსების შეფასებით, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პარტია კრემლიდან ფინანსდება, მთავარმა პროკურატურამ აუდიტთან ერთად უნდა შეისწავლოს.