ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მზდყოფნას გამოთქვამს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მისი შვილის ცხედრის ეგსჰუმაცია მოხდეს.
"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" მან თქვა, რომ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, იმის გამო, რომ დაღუპულის ოჯახი გამოძიებას და ექსპერტიზას არ ენდობა, ექსპერტები შვეიცარიიდან მოიწვიეს.
თეონა თამაზაშვილი ვერ აკონკრეტებს ვინ მოიწვია ეს ექსპერტები და ამბობს, რომ ინფორმაცია მას ადვოკატმა მიაწოდა. თუმცა, აქვე განმარტავს, რომ "ისინი უნდა ჩამოსულიყვნენ 14 სექტემბერს. დროში გაიწელებოდა ეს ყველაფერი და უარი ვთქვი ამ ეტაპზე მათ ჩართულობაზე და მოვითხოვე ექსპერტიზის დასკვნები".
იძულებული ვარ, შევისწვალო იურისპრუდენცია, რომ რაღაც-რაღაცები გავიგო და იმის მიხედვით ვიმოქმედო.. საჭიროც რომ გახდეს ჩემი შვილის ეგსჰუმაცია, მე ამაზეც თანახმა ვარ. ყველაფერს გავაკეთებ, რამეთუ ჩემი შვილის სამართლიანობის აღდგენა, მისი სულის სიმშვიდისთვისაა აუცილებელი, - ამბობს თეონა თამაზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.